16 იანვარი, 2022

შესანიშნავი წერილი ანა კალანდაძეზე

პოეტ ანა კალანდაძეზე ძალიან კარგ წერილს გვთავაზობს მხატვარი და ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი:

“კ ა ლ ა ნ დ ი ს ა დ ა ა ნ ა კ ა ლ ა ნ დ ა ძ ი ს ა

„გევიდა ხანი. მუაწია კალანდობაც. კალანდა დილას, რასაკვირველია, ხუცესმა და დიაკონმა დიდი წირვა ჩაატარეს“.

ეს სიტყვები ამომიწერია გურული ზღაპრიდან „ქოსატყუილა დიაკონი“, რომელიც ცნობილ ფოლკლორისტს ალექსანდრე ღლონტს შეტანილი აქვს თავის მრავალმხრივ საინტერესო ანთოლოგიაში „გურული ფოლკლორი“.

კალანდა ახალი წლის დღესასწაულს გვიქვია გურიაში, სამეგრელოში, ლეჩხუმსა და სვანეთში. ეს სიტყვა ლათინური ჩალენდაე-დან უნდა მოდიოდეს, რაც თვის პირველ დღეს აღნიშნავს და საიდანაც მოდის სიტყვა „კალენდარიც“.

გურია-სამეგრელოში კალანდობა 14 იანვარს, „ძველით ახალ წელს“ აღინიშნება, სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში კი „ძველით ახალი წლის“ წინა დღეს – 13 იანვარს.

კალანდობის მთავარი ატრიბუტია ჩიჩილაკი, რომელიც აქ საახალწლო ნაძვისხის ფუნქციას ასრულებს.
ჩიჩილაკს იმ თავისი კოხტად აპრეხილი ბურბუშელით გურულები წმინდა ბასილის წვერს ადარებენ.
კალანდობის კიდევ ერთი ტრადიციული ატრიბუტია საახალწლო კვერი კაც-ბასილა.

ბასილა ანუ წმინდა ბასილი დასავლეთ საქართველოში იგივეა, თუ მეტი არა, რაც წმინდა ნიკოლოზი ანუ სანტა-კლაუსი დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროში.

წმინდა ბასილი გაქრისტიანებული წარმართული ღვთაებაა და მისი წინაპარი ძველი ქართული კერპი ბოსელი ანუ ბოსლა უნდა იყოს. დიდად სარწმუნოდ არ ჩანს, მაგრამ ბასილას ზოგჯერ ბასილი დიდი სახელთანაც აკავშირებენ.

კაც-ბასილები ანუ ბასილაკვერები და ბასილას კულტი საქართველოს იმ კუთხეების გარდა, სადაც შობა-ახალი წელი კალანდობასთან არის გაიგივებული თუ დაწყვილებული, ქართლშიც ფართოდ იყო გავრცელებული, რაჭაშიც და საქართველოს მთიანეთშიც.

და ამისთანა სიმბოლოს პატრონები რატომ უნდა ვიყოთ ასე გა(მო)სანტაკლაუსებულები ყოველ შობა-ახალწელიწადს? კოკა-კოლას იქნებ მართლა ძალიან უხდება სანტა–კლაუსი მისი მთავარი სარეკლამო კამპანიის სიმბოლოდ, მაგრამ თავად კოკა-კოლა როგორ უხდება ქართულ ტრადიციას, ეს კიდევ სხვა თემაა.

აქ მე ერთი წიგნი მახსენდება რომელიც მრავალი წლის წინათ საშობაოდ მორთულ-მოკაზმულ ვენაში ვიყიდე ინგლისური წიგნის მაღაზიაში და რომელიც თბილისში ჩამოსვლამდე დისიდენტური სამიზდატის გამოცემასავით სულმოუთქმელად ჩავალიბროკუბიკულარისტე. წიგნს თითქოს სალაღობო, მაგრამ ერთობ დამაფიქრებელი სათაური აქვს: „კოკა-კოლონიზაცია და ცივი ომი“. ავტორი რაინჰოლდ ვაგნლაიტნერი გახლავთ.

ამას ტყუპისცალივით მოვაყოლე იქვე ნაყიდი მეორე ასევე დამაფიქრებელსათაურიანი და ფრიად საინტერესო გამოკვლევა – ჯორჯ რიტცერის „საზოგადოების მაკდონალდიზაცია“. პირველი ავტორი ავსტრიელია, მეორე – ამერიკელი, მაგრამ ორივე დაახლოებით ერთსა და იმავეს ჩივა. სათაურებშიც კარგად ჩანს, თუ რას ჩივა ან ერთი და ან მოორე.

არ მახსოვს, აისახა თუ არა ქართული ლიტერატურაში, – და თუ აისახა, ვისთან, როგორ ან როდის, – ბასილას საშობაო თუ საახალწლო ტრადიცია, მაგრამ კალანდობის ხსენებაზე ყველაზე უწინ ანა კალანდაძის ლექსი მახსენდება. მახსენდება კი არა, თბილისელ ბიჭს, კახელი მშობლების შვილს, რომელსაც გურული დღესაც მხოლოდ ბიცოლა ჰყავს სანათესავოში, პირველად სწორედ ამ ლექსში შემხვდა სიტყვა „კალანდა“!
ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით
გრძნეულ მარანთან…
შემოდიოდა ჩიჩილაკებით
ჩვენში კალანდა…

და როგორ ფიქრობთ, რა იფიქრა იმ თბილისელმა ბიჭმა, როცა ანა კალანდაძის ლექსში ეს მისთვის უცნობი სიტყვა ამოიკითხა?

რა იფიქრა და, ის იფიქრა, რომ კალანდა მხოლოდ უშუალოდ ამ ლექსის ავტორის გვარს უკავშირდებოდა და როცა კარგად ჩაუფიქრდა, ისიც დაუშვა, რომ ამ ლექსით ავტორი იმაზე მიანიშნებდა მკითხველს, რომ ჩვენში – საქართველოში, ქართული პოეზიაში ანა კალანდა-ძე შემოდიოდა.

ახლა, როცა ეს ძველისძველი შთანაწერი აღმოვაჩინე ჩემს ერთ ლამის მივიწყებულ რვეულში და საამახალწლოდ შევიგულე საგაზეთოდ, კიდევ ერთხელ გადავშალე ანას წიგნი, კიდევ ერთხელ მოძებნე ეს ლექსი და ვნახე, რომ მას თარიღად 1945 წელი აწერია. ანას ამაზე ძველი თარიღიანი ლექსი, რა თქმა უნდა, აქვს, მაგრამ ჩემი ცოდნით, არ გამოქვეყნებულა! ესე იგი, ეს იმ პირველ ლექსებს შორისაა, რომლებითაც ანა კალანდაძე ქართულ პოეზიაში შემოვიდა!

ჰოდა, ვინ იცის, იქნებ არც ძალიან შორს იყოს ჭეშმარიტებისგან და ფილოლოგიური აღმოჩენისგან ის თბილისელი ყმაწვილი, რომელმაც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ, სადღაც 1965 თუ 1966 წელს იფიქრა, რომ ანა კალანდაძემ კალანდაზე ლექსი სწორედ თავისი გვარის გამო დაწერა და „შემოდიოდა ჩვენში კალანდა“-ში ის შინაარსიც ჩადო, რომელიც მაშინ ქართულ პოეზიაში მის შემოსვლასაც გულისხმობდა, სიმბოლურად თუ მოიარებით!!!

ან იქნებ ის ბიჭი სულაც არ იყო პირველი და სხვასაც გაუჩნდა ასეთი აზრი?

და იქნებ სწორედ ამ ლექსით დაიწყო ქართული პოეზიის კალანდაძიზაცია?

და იქნებ „კალანდა“ ამ ლექსში მართლა ანა კალანდაძეა, ხოლო „ჩიჩილაკები“ მისი ის ბრწყინვალე ლექსები, რომლებმაც ერთბაშად დაიპყრეს ქართული პოეზიის კაბადონი და ყველა ქართველის გულში დაიდეს ბინა?
და არა მარტო საშობაოდ ან საახალწლოდ.

სხვათა შორის, ერთი თვის წინათ, 15 დეკემბერს, ანა კალანდაძის დაბადების დღე იყო.”