3 იანვარი, 2022

საინტერესო ამბავი აფხაზეთში მდებარე მოქვის ტაძარზე

აფხაზეთში მდებარე მოქვის ტაძარზე ძალიან საინტერესო თქმულებას გვიზიარებს ისტორიკოსი გიორგი კალანდია:

“შემორჩენილია ერთი საინტერესო თქმულება აფხაზეთში მოქვის ტაძრის მშენებლობის შესახებ, რომელიც ვიანორ ფაჩულიამ ჩაიწერა:

“აფხაზთა მეფე ლეონმა გადაწყვიტა, აღემართა დიდი ტაძარი მდინარე მოქვისა და დვაბის შესართავთან. დაიბარა საუკეთესო ხუროთმოძღვრები და მშენებლები, მოიწვია უცხოელი ოსტატები და შეჰპირდა ყოველ მათგანს ზღაპრულ სიმდიდრეს, თუ ააგებდნენ მეფისთვის მოსაწონ ტაძარს.

დაუნდობელ და მრისხანე ლეონს სურდა, ტაძარი ყოფილიყო კენარი, ლამაზი და არაჩვეულებრივი ფორმის. მისი გუმბათიდან ხელისგულივით უნდა გამოჩენილიყო მთელი აფხაზეთი. უსმენდნენ დიდოსტატები ხელმწიფეს და ერთმანეთის მიყოლებით ტოვებდნენ სამეფო სასახლეს, რადგან იცოდნენ, რომ თუ საქმეს ხელს მოჰკიდებდნენ და შემდეგ დანაპირებს ვერ შეასრულებდნენ, თავს წააგებდნენ. მსგავსი ტაძრის აგება კი თითქმის შეუძლებელი იყო.

მაგრამ გამოჩნდა ერთი უშიშარი ხუროთმოძღვარი, რომელმაც გადაწყვიტა, ბედი ეცადა და დათანხმდა მეფის პირობებს. გაჩაღდა მუშაობა მოქვისა და დვაბის შესაყართან, ტაძარი სწრაფად მიიწევდა ცისკენ, იმდენად საუცხოო იყო იგი საცქერლად, რომ გეგონებოდათ, თბილ სიოს, ზღვის ქაფსა და ყვავილთა სურნელებას ერთად მოეყარა თავი მის კედლებში.

და აი, უკვე როცა ხურავდნენ ოქროთი ტაძრის გუმბათს და ათასი წყრთის (სიგრძის ძველი საზომი, მანძილი იდაყვიდან შუა თითის წვერამდე) სიმაღლეზე აღემართათ არნახული ჯვარი, გადაწყვიტა ლეონმა, ამალასთან ერთად ენახა ტაძარი. გაეგო, შეასრულა თუ არა მისი პირობები უშიშარმა დიდოსტატმა და თან წამოიღო ხუროთმოძღვრისთვის შეპირებული ოქროთი და ვერცხლით სავსე სკივრები.

მაგრამ ცბიერი იყო ლეონი, დაათვალიერა მან ტაძარი და ყველაფერი მოიწონა, შემდეგ ავიდა მთავარ გუმბათზე, რათა ეხილა, ჩანდა თუ არა მოქვის სიმაღლიდან მთელი აფხაზეთი… და იქიდან მოღუშული და განრისხებული დაეშვა: “არ შეასრულე შენ ჩემი ერთი პირობა, – უთხრა ხუროთმოძღვარს, – არ ჩანს ტაძრის სიმაღლიდან მთელი აფხაზეთი.”

დაღონდა დიდოსტატი, მაგრამ გადაწყვიტა, თვითონ შეემოწმებინა მეფის ნაბრძანები და აუყვა გუმბათს, რომელიც ათასი წყრთის სიმაღლეზე აეზიდა მისსავე ხელებს. როდესაც დიდოსტატმა მიაღწია გუმბათს, მეფემ ბრძანა, კიბე მოეცილებინათ შენობისათვის… ენანებოდა შეპირებული ოქრო და ვერცხლი და, ამასთანავე, არ სურდა, ქვეყნიერებაზე კიდევ აგებულიყო მოქვის ტაძარივით მშვენიერი რამ.

ასე მიუსაფარმა დაასრულა სიცოცხლე დიდოსტატმა საყვარელი ტაძრის გუმბათზე, ქარმა გაფანტა მისი ცხედარი და სადაც მიმოაბნია, იქ დღემდე ხარობენ მოქვის ლამაზი ვარდები…”