29 იანვარი, 2022

როსტომ ჩხეიძის წერილი მიხეილ ჯავახიშვილზე

1937 წლის რეპრესიებს შეწირულ მწერალ მიხეილ ჯავახიშვილზე როსტომ ჩხეიძე ასეთ წერილს გვიზიარებს:

“ჯვარცმის მისტერია: გოლგოთიდან ნაშინდარამდე

(ანონსის მაგიერ)

მიხეილ ჯავახიშვილი ქართველი მწერლის კალამს ჯვარცმას რომ უიგივებდა და არაფრით განესხვავებოდა გოლგოთაზე ასვლისაგან, უკეთესი სახელწოდება რა შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ცხოვრების ქრონიკისათვის, თუ არა: “კალამი გოლგოთაზე” – მწერალი თვითონაც ტრაგიკულ პერსონაჟად რომ წარმოდგებოდა, ახალი დროის ჰამლეტად, ამ შექსპირულ სახეს თეიმურაზ ხევისთავის თავისებურ არქეტიპად რომ მიიჩნევდა.

1924 წლის აგვისტო-სექტემბრის ჰეროიკული და ტრაგიკული გაბრძოლება დაუოკებელი მღელვარებითა და შთაგონებით რომ აღავსებდა, მთავარი გმირის – თუ უფრო ანტიგმირის – გამოძერწვისას უილიამ შექსპირსაც მიმართავდა შემწედ, და ახალ აღთქმასაც გაიხდიდა გზამკვლევად.

“ჯაყოს ხიზნების” ფინალურ მონაკვეთში უხვად რომ არის მოხმობილი ამონარიდები სახარებიდან, ეს მხოლოდ განწყობილების გასამკვეთრებლად არა, არსებითად აქ უნდა წარმოჩენილიყო მთელი სისავსითა და გზნებით რომანის მხატვრულ-იდეური მრწამსიც და… ახალი დროის სახარების კონტურებიც თვალნათლივ გამოკვეთილიყო.

ასეც დასათაურდებოდა მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრების ქრონიკის დამაგვირგვინებელი თავი: “თეიმურაზ ხევისთავის ბიოგრაფია: ახალ სახარებად” – რომელიც ცალკეც გამოქვეყნდებოდა განახლებული “პირველ სხივის” მეორე ნომერში და შეუფერადებლად წარმოჩნდებოდა, როგორ უთხრიდა ეს პერსონაჟი თავისივე თავს სამარეს.

მიხეილ ჯავახიშვილი ყოვლად დაუნდობელი იქნებოდა თეიმურაზ ხევისთავისადმი, რომლის სახეში საკუთარ თავსაც იგულისხმებდა და მთელს ჩვენს ინტელიგენციასაც, რომელიც გულარხეინობით, დაუდევრობით, გადამეტებული სიფრთხილითა თუ აბსტრაქტული სიკეთით ბოლშევიკებს გადაულოცავდა ახალამოგებულ სახელმწიფოს და კიდეც გაიჟლიტებოდა, კიდეც დაითრგუნებოდა და კიდეც მორჩილად შეუშვერდა კისერს მოძალადის ყულფს.

თუმც მთლად გასამეტებელიც არ გახლდათ თეიმურაზი და თამაზ ნატროშვილი მის რეაბილიტაციას შეეცდებოდა, როდესაც ყურადღებას მიაქცევდა პერსონაჟის იმ სიტყვებს:

ქუჩის დამგველად წავალ, მაგრამ მასწავლებლობას ვერ ვიკისრებ. მე ბავშვს ისეთ რამეს ვერ ვასწავლი, რაც მე თვითონ არა მწამსო.

სრულიად უნდა დაეკარგა რწმენა და სკეპსისსაც ბოლომდე უნდა გამოეჭამა მისი არსება, მაგრამ მაინც შერჩენოდა ის იშვიათი მადლი, პატიოსნების ის ნიშატი, ტყუილს რომ არ აკადრებს ახალ თაობებს, თუნდ მწვავე, გაუნელებელი სულიერი კრიზისი და უსახელო სიკვდილი მოელოდეს.

საზოგადო საქმის მეთაურობიდან უნდა დაკნინებულიყო თავისივე ნამოჯამაგირევის დახლიდარობამდე და რუსთაველის პროსპექტიდან ნაშინდარის ორღობის ბოლოში უნდა აღმოჩენილიყო, თანაც კისერზე ჩამოკიდებული ძაღლის ლეშით, სულ უფრო რომ მძიმდებოდა და სულ უფროც ყროლდებოდა.

არადა თეიმურაზ ხევისთავი მთელი არსებითა და ცხოვრების წესით მიჰყვება იმ სულისკვეთებასა და მორალს, რითაც აღვსილა ახალი აღთქმა:

ბოროტებას წინ არ აღუდგე, შენი მტერიც გიყვარდეს, აკურთხე შენი მაწყევარნი, კეთილი მიაგე შენს მოძულეთ და ლოცავდე, რომელნიც გმძლავრობენ და გდევნიანო.

ვაჟა-ფშაველა სწორედ სახარების მრწამსსა და მორალს ჩაწურავდა ლექსში “ჩემი ვედრება”, ღვთისადმი ეს უმთავრესი სათხოვარი რომ ექნებოდა:

ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა; ცხვრადვე მამყოფე ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობაო.

ის, რაც ასერიგად მომხიბლავი და აღმტაცია იდეალად, თავზარდამცემად წარმოდგება ყოფით რეალობაში.

ის, რაც გვიტაცებს ღვთისმოშიშ საზოგადოებაში, სრულ განწირულებად და გაპარტახებად შემოგვიბრუნდება ღმერთსმოკლებულ სინამდვილეში.

და გვინდა თუ არ გვინდა:

თეიმურაზ ხევისთავის ბიოგრაფია სწორედაც რომ ახალ სახარებად გვევლინება.

და ახალ სახარებად უნდა წარმომდგარიყო მიხეილ ჯავახიშვილის ავტობიოგრაფიაც:

“ჯაყოს ხიზნები” სწორედაც თავისებური ავტობიოგრაფიაა მწერლისა, თვითგასამართლების იშვიათი ნიმუში და დოკუმენტი, აღსარება, რომელიც სულის ყველაზე იდუმალი კუნჭულების ზეამოზიდვითა და გაშიშვლებით უტოლდება დავით აღმაშენებლის პოეტურ ძეგლს: “გალობანი სინანულისანი”.

მართალია შეფარულიყო თეიმურაზ ხევისთავის სახეში მსგავსება მაცხოვართან, მაგრამ თემურ ჩხეიძეს ამ იდუმალებისათვის უნდა მიეკვლია და “ჯაყოს ხიზნების” დადგმისას ტელესპექტაკლად მთავარი გმირის შემსრულებელი სწორედ ამ ნიშნით შეერჩია:

თუ ვისი გარეგნობა – ზოგადი იერიც და მზერაც – მოაგონებდა მაყურებელს ჯვარცმულ ღმერთს.

თუ ვინ უნდა აზიდულიყო ახალი დროის იესო ქრისტემდე.

უკიდურესი დაცემის კვალდაკვალ თუ ვის უნდა განეცადა უჩვეულო ამაღლება და ეს ფერისცვალება თვალნათლივი ყოფილიყო მაყურებლისათვის: ვისთვის ცხადლივი და ვისთვის ალღოთი ნაგრძნობი, შორეულად, მაგრამ რაღაცის მიმანიშნებლად.

და ასე უნდა გამორჩეულიყო თემურ ჩხეიძის თვალში ნოდარ მგალობლიშვილი, ის ხელოვანი, რომელიც სრულყოფილად აღასრულებდა რეჟისორულ ჩანაფიქრს და… ტელესპექტაკლის ბოლო კადრებში კიდეც ისეთი ნეტარება გადაჰფენია სახეზე, ისეთი სიკეთით სავსე და მიმტევებელი მზერა მომადლებია, თითქოს ეს-ეს არის ფრესკიდან გადმოსულაო.

მიუხედავად იმისა, რომ ჯოჯოხეთის ცხრავე წრე გამოუვლია, კვლავინდებურად მზად არის, კვართზე ხელის შემხებელს მთლად სამოსი გაატანოს, და დარჩეს ცხვრად, ოღონდაც მგლობა აირიდოს…

ასე უნდა შეგვეგრძნო ამ რჩეულ დადგმაში მაცხოვრის სახება, გამოკვეთილი იმ კალმით, გოლგოთის ჯვრამდე რომ უნდა აზიდულიყო.

და საცნაური ხდებოდა:

მიხეილ ჯავახიშვილი ამ თვალსაზრისითაც – წინასწარმეტყველების უნარითაც – რომ დამსგავსებოდა ილია ჭავჭავაძეს, ვინც ყმაწვილკაცში მომავალ დიდ მწერალს ამოიცნობდა და ამ ტრაგიკული გზის გასავლელადაც შეაგულიანებდა საგურამოს ეზოში.

და კიდეც გადაიტანდა მიხეილ ჯავახიშვილი თავის თავზე ჯვარცმის მისტერიას, მანამდე საკანში შესულ პატიმრებს პირჯვრისწერით რომ შეეგებებოდა…”