16 იანვარი, 2022

ოთარ მეღვინეთუხუცესის მხიარული ისტორია

მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის ცხოვრებაში არაერთი მხიარული ისტორიაა.

“არტინფო” ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ:

ერთხელ ოთარ მეღვინეთუხუცესმა მანქანით მოძრაობის წესები დაარღვია და ავტოინსპექტორმა გააჩერა. მანქანასთან მივიდა და მსახიობს საბუთები მოსთხოვა:
– საბუთები, მოქალაქევ!
– მე ოთარ მეღვინეთუხუცესი ვარ, – მშვიდად უთხრა მსახიობმა.
ავტოინსპექტორმა თავისი გვარი და სახელი უთხრა და გაუმეორა:
– მოქალაქევ, მომეცით თქვენი საბუთები!

ოთარმა იფიქრა, ნამდვილად ვერ მიცნოო და მეტი დამაჯერებლობისთვის მტკიცედ უთხრა:
– მე დათა ვარ, დათა თუთაშხია, – ინსპექტორმა ყურადღებით ახედა.
– მატყუებ, იმას ცხენი ჰყავდა!
– არ გატყუებ, კაცო, ნამდვილად დათა ვარ, გავცვალე ცხენი მანქანაში და…
– მაშინ, მე ნიკანდრო ვარ ქირია და მომეცი ახლა საბუთები, ცხენი მოტოციკლეტში გავცვალე.

მისცა ოთარმა საბუთები და ეს ამბავი “ზემოთ” მოახსენა. “ზემოდან” ავტოინსპექტორს დაურეკეს და “ტყავი გააძრეს”. შერცხვა იმ ინსპექტორს და ბატონი ოთარისთვის საბუთები თვითონ რომ არ მიეტანა, მეგობარს გაატანა.

კარი ოთარმა გააღო.
– ბატონი დათა ბრძანდებით, ხომ? – მეგრული კილოთი ეუბნება ინსპექტორი.
– დიახ?!
– დაიბრუნეთ თქვენი საბუთები.
– თქვენ ვინ ბრძანდებით? – დაინტერესდა ოთარი.
– მუშნი ვარ, ზარანდია.