15 იანვარი, 2022

მიხეილ თუმანიშვილის საოცარი წერილი

რეჟისორ მიხეილ თუმანიშვილის ჩანაწერები და წერილები წლებია აქტუალობას არ კარგავს და ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ნამდვილი საგანძურია.

“არტინფო” გთავაზობთ ამონარიდს რეჟისორის ჩანაწერიდან, რომელიც თეატრს ეძღვნება:

“გაუმარჯოს თეატრს – სხვადასხვანაირი ადამიანების, დეკორაციების, მტვრის, ათასგვარი თეატრალური ხარახურის, მაგნიტოფონის, მოქმედების დროს მოულოდნელად დახეთქილი ნათურების, გადამწვარი ფარნების, მყვირალა რეჟისორის თანაშემწეთა და ჭუჭყიანი პარიკების ბედნიერ საუფლოს…

გაუმარჯოს თეატრს, მის წარმატებებსა და ჩავარდნებს, გაუთავებელ, ქანცისგამომცლელ რეპეტიციებს, რეპერტუარს, რომელიც არასოდეს იგეგმება დროულად, კულისებს მიღმა ჭორებს, რომლებსაც ვიღაც-ვიღაცეები რატომღაც ინტრიგას ეძახიან.

გაუმარჯოს ქართულ თეატრს – ძალზე ნიჭიერ, დაუდევარ, უთავბოლო, მაგრამ თხემით ტერფამდე თეატრალურ, ფიცხ და ყოველთვის უკმაყოფილო ქართულ თეატრს!…

…70 წლისა კი არა, 100 წლისაც რომ ვიყო, ახალგაზრდებთან ყოველთვის ვიმუშავებ იმიტომ, რომ ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ამასწინათ ვერ ვიყავი კარგად, არითმია მქონდა თუ რაღაც ჯანდაბა. მივედი თეატრში, სარეპეტიციო დარბაზში შევედი და დამავიწყდა არითმიაც და ყველაფერი ამქვეყნად. სწორედ მაშინ გავიფიქრე, რა ბედნიერებაა, რომ სცენა არსებობს!…

…შეგრძნებები ბადებს აზრს, აზრი ბადებს სურვილებს, სურვილები – ქცევებს, ქცევები – ჩვევებს, ჩვევები – ხასიათს, ხასიათი – ადამიანს და მის ბედს. რა საინტერესოა…”