11 იანვარი, 2022

ლაშა თაბუკაშვილი რეზო ამაშუკელს: “მე გპატიობ…”

მწერალმა და დრამატურგმა ლაშა თაბუკაშვილმა პოეტ რეზო ამაშუკელს 70 წლის იუბილეზე ასეთი სიტყვით მიმართა:

“რა მკათათვეში მზე ლომზე შევალს…“

როგორ მიერეკება დრო? რა სულის შემხუთველი სისწრაფით ენაცვლებიან ერთმანეთს ეპოქები… გუშინ იყო, თუ თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, როცა „გაგრიფშთან“ ფეხბურთის თამაშით გართულს, ხუთიოდე წლის ბიჭს, მუხლი გადამეტყავა და ლამაზმა ყმაწვილმა შრატის გასაკეთებლად, იქვე პატარა კლინიკაში მიმაბრძანა… თან გამაფრთხილა, არ იტიროო! მას შემდეგ ბევრჯერ მოვინდომე ტირილი და მხოლოდ იშვიათად, ძალზე იშვიათად, მივეცი ჩემს თავს უფლება ამისა.

ჩამიგიპნოზე თუ რაი ჰქმენ, მგოსანო?

„რა მკათათვეში მზე ლომზე შევალს…“

ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს, რეზო, სტაიერი ხარ თუ მარათონელი? და თვითონვე გაკვირვებით ვაღიარებ – ორივე! ისევე, როცა ლექსი შენი, ნათქვამი შენი, ჯაზურ კომპოზიციას უფრო წააგავს, ვიდრე აქამდე ცნობილ, რომელიმე ფორმას – როცა იდეა, ტემპი და რიტმი, ერთ დიდ ალმასად უდევს წინ ოქრომჭედელს, როგორც შეთავაზება, როგორც გამოწვევა და შემდეგ დიდოსტატის მიერ ათას მიკროსკოპულ ნატეხად გარდაქმნილს, პეშვის ერთი ელეგანტური მოძრაობით მოაყრის კლავიშებს შთაგონება!

„რა მკათათვეში მზე ლომზე შევალს…“

ვიცი რა, შენი უნიკალური მგრძნობელობა სიტყვის მიმართ, ვხვდები თუ რა ტლანქი და მოუხეშავია ეს სიყვარულის ახსნა, მაგრამ როგორ უნდა დავხატო წყლის ხმა, პლატინას რომ გაანგრევს და მაღლიდან შხუილით ვარდნისას, მხოლოდ პოეტის ხერხემალს რომ მოიძიებს ერთადერთ კალაპოტად.

„რა მკათათვეში მზე ლომზე შევალს…“

ის თბილისი მენატრება, რუსთაველზე 16 წლის რეზო ამაშუკელს, მასზე ათიოდე წლით უფროსი, გურამ ასათიანი და რეზო თაბუკაშვილი, რომ შეაჩერებდნენ ხოლმე და ახალ ლექსებს აკითხებდნენ ქუჩაში. ის „რაღაც“ მენატრება, რამაც შენს ლექსებს განუმეორებელი ინტონაცია და არომატი მისცა და „რამაც“ შენი სულის სანახები ვერა და ვერ ამოწურა. მე გპატიობ, რეზო, ამ გამაოგნებელ ნიჭს, იმიტომ რომ აღფრთოვანებაც წკიპზე ჰკიდია, ჩემივე საღვთო შურთან შედარებით. გპატიობ იმასაც, რომ ბავშვობაში მოცემული პირობა, არ ვიტირებ-მეთქი, ბევრჯერ დამარღვევინა, შენმა საოცარმა პოეზიამ. შენ შენი უსათაურო ქუჩით მიაბიჯებ აბსოლუტური სიმარტოვისკენ, იმ შენი X კატეგორიის მწვერვალისკენ, რომელიც მხოლოდ შენი დასაპყრობია! მაგრამ ეჭვი მეპარება ეულად მოგასვენოს, შენს ლექსებში შეყვარებულ ადამიანთა ფაქიზმა ენერგიამ.

„რა მკათათვეში, მზე ლომზე შევალს!“