21 იანვარი, 2022

იოსებ ნონეშვილის უძვირფასესი სიტყვები

პოეტ იოსებ ნონეშვილს თავის სამშობლოზე – საქართველოზე არაერთი ლექსი აქვს დაწერილი, თუმცა ლექსი “ღმერთი და ხელები” მაინც განსაკუთრებულია:

“მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი,
თეთრი ღრუბლები ეწყო ბალიშებად,
მყინვარი შანდლად ედგა,
შიგ მზე სანთლად ენთო
და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიშნებდა.
წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა,
მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა,
გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა,
რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა.
მის წინ რიგში იდგენენ ზანგნი თუ არაბნი,
ფრანგნი თუ… ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილთ.
ზოგს ველი არგუნა, ზოგს მთების ქარაფი,
ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი,
ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთის კალთები.
უფლის განაჩენი არ იყო სადაო.
მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ ქართველნი,
რიგი და ქართველი? სადან სადაო.
და როცა პირწმინდად დარიგდა მთა ბარი,
გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ,
უეცრად ჩვენები, სად იყვნენ სად არა,
წარუდგნენ და ჰკითხეს:
ჩვენ რა ვქნათ უფალო?
მიწის ამზომველნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ,
ფრიად დამაშვრალი ჩანდა თვით მეუფეც,
განცვიფრდა:
ვინა ხართ, სადა ხართ აქამდე?
მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე…
ქართველნი გახლავართ,
გავშალეთ ნაბდები …
შენი სადგეგრძელო თასები დავცალეთ,
რიგს ლხინი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ
და დაგვაგვიანდა, ჰე, ღმერთო მოწყალევ…
დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო,
მეუფევ მაღალო!
და რადგან ეს მიწა ყველას გაუყავი,
ცუდი თუ კარგი კუთხე გაეცი მთლიანად.
რა უყოთ, ნუ სწუხარ, შენ კარგად იყავი,
ოღონდ დაგვიცალე ეს ერთი ფიალა!
…..ალპებად,
ანდებად,
თუ კავკასიონის მთებად,
აიწიენ წარბები შეკრული…
სად დაგაბინაოთ? – არ არის იოლი,
ასეთი ლამაზნი.
მამაცნი
ერთგულნი…
სულ ყველა გავეცი, ბილიკიც, ჭიუხვიც ,
მარტო დავიტოვე პატარა წალკოტი,
იქ კალთა დავბერტყე სიტურფის, სიუხვის,
საჩემოდ სამოთხის ხეხილით ვამკობდი,
მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები
და რადგან მიწის სხვა ნამცეციც არ არის,
ზეცაში ვიცხოვრებ…
ხოლო ეს ედემი –
თქვენთვის დამითმია.
დე, იყოს ალალი!
და ასე წაბრძანდა ღმერთი ცათა შინა,
და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური მთა-ბარი,
მიტომ საქართველოს რა არ გააჩნია
ქუხს მისი სიტურფის,
სიუხვის ამბავი.

 

II ნაწილი

შეუნდოს იგივე უფალმა, ვინც ვითომ
ქართველებს თავისი გვაჩუქა საუფლო,
არ შურდა, ყოფილა ან მიეთმოეთი,
არ ვიცი ლეგენდა ნაჩმახი სხვა უფრო.
უფალ ღმერთს კი არა, თუ გინდათ მართალი,
აქ კალთა ჩვენს მშობელს ხალხს დაუბერტყია
და თუ საქართველო ასეთი რად არის,
ქართველი გლეხკაცის ხელები გვეტყვიან.
დახედეთ მის ხელებს დაკოჯრილს, დაშაშრულს,
ხან დამწვარს, ხან დამზრალს, მზეში თუ ყინვაში…
დახედეთ მის ხელებს… და გსურთ თუ არა გსურთ
ნისლივით გადნება ლეგენდა – მირაჟი.
შეხედეთ ნაჯაფარ ველ-მინდვრებს, მთა-გორებს,
ეს ჩვენი ოფლი სჩქეფს მტკვარშიც და რიონშიც
და მითი, ლამის რომ მართალი გვეგონა,
უცებ ფასს დაჰკარგავს ვით თვალი რიოში…
შეხედეთ მზედაკრულ მეზვრეს თუ მემინდვრეს,
თუ ავდრის ნაბადში გახვეულ მეცხვარეს.
შეხედე,
შეიგრძენ,
შეიცან,
შეიტყვე
რად არის ლამაზი
ეს მიწა,
ეს მხარე.
შეხედეთ
ზღვა-ჩაის,
ამ ჭალებს,
იმ ველებს…
შორს, კავკასიონზე, მუქ-ლურჯი ბინდია.
შეხედეთ მორდოში ზემოურ იმერლებს,
ფრიალა ფერდობებს თოკით რომ ჰკიდია.
მოდი და კეთილო, იხილე ყოველი,
მთამ წარბი გაგიხსნას, ზღვამ შემოგღიმილოს.
იხილე სიონი თუ სვეტიცხოველი
ან ჯვარი ლაჟვარდში აჭრილი მიმინო.
მოდი და შეხედე სამთავროს, სამთავისს,
იხილე ვარძია სალ კლდეში ნაშენი.
მაინც საქართველო ასეთი რად არის?…
ან წრომი გიამბობს ან წუღრუღაშენი…
იხილე ყინწვისი, რუისი, ურბნისი
თუ მთების უბეში შედგმული უბისა…
ამდენი ტაძარი, საყდარი ურიცხვი,
იქნებ მოგვაგონებს აგარაკს უფლისას,
მაგრამ გულთმისნობა არ უნდა ძალიან,
მთაში წინაპრების გაისმის გოდება,
მთაში საქართველოს სისხლი და ძვალია
ნაგები გუმბათად, გალავნად გოდლებად…
მაინც საქართველო – ქვეყნა მშობელი –
ლამაზი, მდიდარი რად არის ნამდვილად?..
ჰკითხეთ ვინც კოლხეთში ჭაობი დააშრო
ან უწყლო სამგორში ვინც წყალი ადინა.
იხილეთ ქარხნები, ცამდე რომ ადიან,
დღედაღამ წამით რომ არ შეისვენებენ…
მუშას შეეკითხეთ, მარჯვენა მადლიანს,
ახალ საქართველოს მხატვარს და მშენებელს.
ჰკითხეთ იმ მეშახტეს, მადანს რომ ეძებს
და მადლი მიწისა ამოაქვს მადნებად,
რად არის ლამაზი? ჰკითხეთ იმ მეცნიერს,
შუბლზე საფიქრალი შუქად რომ ადნება.
სკებივით ზუზუნა სკოლებით იხარეთ
და ახალგაზრდობით გულდაუდეგარით…
ტაძრები ცოდნისა იხილეთ ახალი,
იყალთოს, გელათის ბურჯებზე შემდგარი.
შეხედეთ ჩვენს სოფლებს, დაბებს თუ ქალაქებს,
ჩვენს ერს და არა მოლოცვილს სამადლოდ
და მაშინ ამნაირ მითებს თუ არაკებს
აღარ ერწმუნებით, მერწმუნეთ არასდროს…
… უფალ ღმერთს კი არა, თუ გინდათ მართალი,
აქ კალთა ჩვენს მშობელ ხალხს დაუბერტყია
და თუ საქართველო სამოთხე რად არის
დავხედოთ – ქართველის ხელები გვეტყვიან!..”