30 იანვარი, 2022

გია დანელიას მხიარული ისტორია

რეჟისორმა გია დანელიამ თავისი ისტორიები წიგნში “უბილეთო მგზავრი” გააერთიანა. ისტორიებიდან ზოგი სევდიანია, ზოგიც – მხიარული.

“არტინფო” ერთ-ერთ მხიარულ ისტორიას გიზიარებთ:

“უნდა გიამბოთ ზოგიერთი პრივილეგიის შესახებ, რომელიც სახალხო პოეტთან მეგობრობამ მომიტანა.

ერთხელ, ერთობლივი სამუშაოს დასაწყისში, რასულ გამზათოვთან და ვალოდია ოგნევთან ერთად, ჩემი “მოსკვიჩით” სასადილოდ ლიტერატორთა სახლში წავედით. ვიდრე მე მანქანა დავკეტე და მინის საწმენდი ჯაგრისები მოვხსენი, რომ არ მოეპარათ, რასული და ვალოდია რესტორანში შევიდნენ. შესასვლელში მორიგე ქალმა გამაჩერა და არ მიშვებს:

– პირადობის მოწმობა წარმოადგინეთ. – ლიტერატორების სახლში მხოლოდ მწერალთა კავშირის წევრებს უშვებდნენ.

– მე რასულ გამზათოვის მძღოლი ვარ, – მოვიფიქრე უცებ და მანქანიდან მოხსნილი მინის საწმენდი ჯაგრისები ვაჩვენე.

– მიბრძანდით!…

ათი წლის შემდეგ, როცა მოსკოვში იტალიელების დელეგაცია ჩამოვიდა სოფი ლორენის, მარჩელო მასტროიანის, ლუიჯი დე ლაურენტის შემადგენლობით, ისინი ლიტერატორების სახლის რესტორანში ვახშამზე მივიწვიე.

ამ წლების განმავლობაში ცნობადი პიროვნება გავხდი: რამდენჯერმე მიმიწვიეს ტელევიზიაში გადაცემაში “კინოპანორამა”, ჩემს ფოტოებს ბეჭდავდნენ ჟურნალში “საბჭოთა ეკრანი”, ამიტომ ლიტერატორთა სახლში გულთბილად და ღიმილით მხვდებოდნენ.

როდესაც ჩვენ ყველანი ვესტიბულში შევედით, მორიგეს ვუთხარი:

– ეს იტალიელი სტუმრები ჩემთან ერთად არიან.

– მობრძანდით, მობრძანდით, მოხარული ვართ თქვენი ნახვის! – მოგვესალმა მორიგე ქალი.

სტუმრები გასახდელისაკენ წავიყვანე.

ზურგს უკან მამაკაცის ხმა გავიგონე:

– რატომ უშვებ ვიღაც-ვიღაცეებს შენობაში, რატომ მწერალთა კავშირის წევრის ბილეთს არ სთხოვ?

მოვტრიალდი. მორიგე ქალთან ვიღაც სერიოზული მამაკაცი იდგა, როგორც მოგვიანებით გაირკვა ლიტერატორთა სახლის ადმინისტრატორი.

– ესენი ვიღაცეები არ არიან, აი, ამ მამაკაცთან ერთად არიან, – ჩემსკენ თითი გამოიშვირა ქალმა.

– მოქალაქევ, მაპატიეთ, თქვენ მწერალთა კავშირის წევრი ბრძანდებით? – მკითხა ადმინისტრატორმა.

– არა!

– თევდორე, არ გახადო! – გასახდელში მყოფ თანამშრომელს გასძახა ადმინისტრატორმა.

– ვწუხვარ, მაგრამ ჩვენთან რესტორანი მხოლოდ მწერალთა კავშირის წევრებისთვისაა.

ამ დროს მორიგე ქალბატონმა კაცს ხმამაღლა გადაულაპარაკა:

– ეს რასულ გამზათოვის მძღოლია!

– რატომ მაშინვე არ მითხარი?! გამარჯობა, გენაცვალე ! – ადმინისტრატორმა მძლავრად ჩამომართვა ხელი:

– თევდორე, გახადე! – მაშინვე უბრძანა გასახდელში მყოფ თანამშრომელს ადმინისტრატორმა.”