28 იანვარი, 2022

გალაკტიონ ტაბიძისა და დიმიტრი არაყიშვილის ამბავი

პოეტ გალაკტიონ ტაბიძისა და კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილის გამორჩეულ ამბავს იხსენებს ვახტანგ ჯავახაძე წიგნში “უცნობი”:

„დიმიტრი არაყიშვილი იხსენებდა:

– ერთხელ საღამოთი გალაკტიონი მესტუმრა. ვერ გამეგო თუ რა შეემთხვა, ვინ რა აწყენინა, მაგრამ ძალზე აღელვებული მეჩვენა. ან სდუმდა ან მოკლედ პასუხობდა ჩემს შეკითხვებზე. მთხოვა რაიმე დამეკრა. მეც მივუჯექი როიალს და დავიწყე იმპროვიზირება…

გალაკტიონი ხმაამოუღებლივ მისმენდა. ცოტას რომ შევისვენებდი, მთხოვდა:

– კიდევ, კიდევ რამე დაუკარი!

მეც გატაცებით ვუკრავდი. ამასობაში შუაღამემ მოაღწია. დავიღალე და დაკვრა შევწყვიტე. შევხედე გალაკტიონს და გავოცდი:

მხიარულად გამოიყურებოდა. თვალები უბრწყინავდა. გადამეხვია, მაკოცა, საწერ მაგიდას მიუჯდა და წერა დაიწყო. ორიოდე წუთში ექსპრომტად შეთხზული ლექსი მომაწოდა:

მსგავსი რამ მე არ მსმენია,
ეს ხმაა მზისა და ჩრდილის,
მასში ხმოვანებს გენია,
გენია არაყიშვილის.
იგი სულია ივერთა,
სიმშვენიერის შიშველის,
ბრძოლისა და სიყვარულის,
ხმათა მათ გაუთიშველის.
მადლობა, დიდი მადლობა…
ქართულმა ხმებმა მიშველეს…”