7 იანვარი, 2022

არაჩვეულებრივი საშობაო ამბავი

იესო ქრისტეს შობასთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო და ემოციური ამბავი გვსმენია, თუმცა ისტორია, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ, ნამდვილად ყველაზე ამაღელვებელია:

“ვენაში, 5-ვარსკვლავიან სასტუმროში შობის წინა ღამეს 9 წლის ბიჭუნა მივიდა. მას ყრმა იესოს ხატი ეჭირა და ადმინისტრატორს ლუქსი ნომერი სთხოვა, რომლის ერთი ღამის ღირებულება 300 დოლარი იყო.

– პატარავ, იცი რა ძვირია ეს ნომერი? – უთხრა სასტუმროს დირექტორმა, გაუღიმა და ხელი თავზე გადაუსვა.
ბიჭმა ჯიბიდან 300 დოლარი ამოიღო და მაგიდაზე დადო.

– რად გინდა ეს ნომერი, ამაღამ ხომ შობა თენდება? მშობლები ინერვიულებენ, სახლში წადი, – უთხრა გაოცებულმა დირექტორმა.

– მე აქ დარჩენას არ ვაპირებ, სახლში წავალ, – მიუგო პატარამ, – ნომერში კი, აი, ამ ხატს დავტოვებ ერთი ღამით.
გაოცებულმა დირექტორმა მზერა ხატს მიაპყრო.

– იცით, – განაგრძო საუბარი ბიჭუნამ, – უფალი ღამის სიცივეში დაიბადა გამოქვაბულში, ყველაზე ღარიბ ადგილას. მე მინდა, რომ თუნდაც ერთხელ მაინც მან ეს ღამე თბილად გაატაროს, რომ ზამთრის სუსხმა და გამოქვაბულის სიცივემ არ შეაწუხოს. ჩვენ ახლა ყველანი სუფრას მივუსხდებით ჩვენს თბილ სახლებში, მისი შობის აღსანიშნავად, ის კი გამოქვაბულის სიცივეში მარტო დარჩება. გეხვეწებით, მომაქირავეთ ეს ნომერი, 300 დოლარი ხომ მაქვს. ამ ფულს მთელი წელი ვაგროვებდი.

თვალცრემლიანმა დირექტორმა გულში ჩაიკრა პატარა ბიჭი და უთხრა:

– პატარავ, შენ უკვე გაათბე უფალი შენი თბილი და მოსიყვარულე პაწაწინა გულით. ეს საუკეთესო სითბოა მისთვის. სასტუმროს ნომერს კი უფასოდ გითმობ, ყოველთვის. ყოველი წლის შობა ღამეს ეს ნომერი შენთვის და უფლისთვის იიქნება უფასო მანამ, სანამ ამქვეყნად ვიქნებით.”