31 დეკემბერი, 2021

საბედისწერო 31 დეკემბერი ზვიად გამსახურდიასთვის

31 დეკემბერი ზვიად გამსახურდიასთვის საბედისწერო აღმოჩნდა. პირველი პრეზიდენტი, მწერალი, მთარგმნელი, პოეტი და უბრალოდ გენიალური პიროვნება სოფელ ძველ ხიბულაში ერთ-ერთ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.

აი, რას წერდა ადამიანი, რომელსაც სამშობლოს სიყვარული არ აპატიეს:

“მაფიოზური დაჯგუფებების ესოდენ დიდი სიმრავლე, პირველ რიგში, კომუნისტური, ტოტალიტარული წყობილების მანკიერებაა, ვინაიდან მან მოუსპო ადამიანს საშუალება კანონიერი და სამართლიანი გზით შემოსავლის ქონისა, კარგი ცხოვრებისა და წარმატების მიღწევისა მოღვაწეობის ამა თუ იმ სფეროში, ამიტომ მიჰყვეს ხელი უკანონო და დანაშაულებრივ გზას, რითაც გამრავლდნენ მაფიები.

ეს არის ფაქტობრივად დანაშაულებრივი დაჯგუფებები, რომლებიც უპირისპირდებიან სიმართლეს, სიკეთეს, ჭეშმარიტებას, კანონიერებას. მათ წინააღმდეგ ბრძოლა დამსჯელი ორგანოების მეშვეობით, რასაკვირველია, უსარგებლოა; ისევ და ისევ საჭიროა იმ სისტემის დანგრევა, რამაც ეს ყოველივე წარმოშვა. ამ სისტემის ლიბერალიზაცია არის საჭირო, მისი მისადაგება ადამიანის ნორმალური მოთხოვნილებისადმი, შემოსავლის გაზრდა, რათა ადამიანმა შემოსავლის ძიებაში არ დაარღვიოს კანონიერება.

ჩვენი სახელმწიფო წყობილების გაჯანსაღება, ეკონომიკური ღონისძიებები გამოიწვევს შემდგომ ამ მაფიების დაშლას, ისინი შეწყვეტენ არსებობას. სანამ კომუნისტური სისტემის რეციდივები გვექნება, მაფია ყოველთვის იარსებებს.”