25 დეკემბერი, 2021

ქართლოს კასრაძის უზუსტესი წინასწარმეტყველება

ქართლოს კასრაძის ხსენებისას ნებისმიერ ადამიანს ღიმილი მოეფინება სახეზე, რადგან ეს ადამიანი სწორედ ღიმილთან, მხიარულებასთან და კარგ განწყობასთან ასოცირდება.

„იყო და არა იყო რა – სულ ოქროს კვერცხი გვიგორა:
ტირილი მოკლა სიცილით, სიცილი კვდება ტირილით…“ – ეს სიტყვები პოეტმა გიზო ნიშნიანიძემ სწორედ ქართლოს კასრაძეს უძღვნა.

“არტინფო” გთავაზობთ ხელოვანის ცხოვრების საინტერესო ეტაპებს ნელი თორდიას ამონარიდებიდან:

“საქართველოს სახალხო არტისტი, მწერალი, ღირსების ორდენის კავალერი, ჟურნალისტი, მსახიობი, იუმორისტი, რომლის გახსენებაზე ღიმილის შეკავება შეუძლებელია, უდიდესი ნიჭის ადამიანი, რომელსაც ინგლისში კონცერტები ინგლისურად მიჰყავდა, გერმანიაში – გერმანულად, პოლონეთში – პოლონურად, ნიდერლანდებში – ჰოლანდიურად.
მსახიობი, რომელსაც შვედებმა პატარა ჩარლი ჩაპლინი შეარქვეს.
ოთხი შვილის – მერაბის, (პირველი ქორწინებიდან) გურანდას, ნაისისა და დათოს მამა, ათი შვილიშვილისა და ექვსი შვილთაშვილის ბაბუა და უბრალოდ, კაცი, რომელიც დააკლდა თბილისს…
ქართლოს კასრაძის უკიდეგანო ნიჭიერებაზე ლეგენდები დადიოდა.
მხოლოდ ქართლოსს შეეძლო:
მარცხენა ხელით წერა, ისე რომ ნაწერის წაკითხვა სარკეში იყო შესაძლებელი;
ზურგზე მოგდებულ გიტარაზე ესპანური მელოდიების დაკვრა, როცა ჩვეულებრივად გიტარაზე დაკვრა არ იცოდა;
ოდესმე წაკითხული ყველა ლექსის დამახსოვრება;
აკაკი წერეთლის „თორნიკე ერისთავის“ თავიდან ბოლომდე და ბოლოდან დასაწყისამდე უკუღმა წაკითხვა;
ხელის ერთი მოსმით ცხენისა და მხედრის, ჯონ კენედისა და ნაპოლეონ ბონაპარტის დახატვა;
19 სხვადასხვა ენაზე 2000-მდე კონცერტის ჩატარება;

…და ისეთი სიყვარული, როგორიც მხოლოდ მას შეეძლო!

–”ლურჯი აპრილი შენს თავს მაგონებს, მე შენზე დარდი მკლავს, მკლავს და მაღონებს…” – ეს ლექსი ქართლოს კასრაძემ საყვარელ ქალთან ქორწინებას მიუძღვნა. ქართლოს კასრაძისა და თალიკო ჯაველიძის ქორწინება 1959 წლის 5 აპრილს შედგა. მათო ქორწილი პირველ აპრილს იყო დაგეგმილი, მაგრამ მსახიობს ფილმში „უდიპლომო სასიძო“ იღებდნენ. მოგვიანებით, ნოდარ დუმბაძე ხუმრობდა: გურულებმა ქალი ქართლოს კასრაძეს გაატანეთ და მე არ მატანთო?

წიგნში „თბილისელი ბიჭი“ ქართლოს კასრაძის შვილი ნაისი კასრაძე ერთ ეპიზოდს იხსენებს:

„თალიკოო, – ღრიალებს ქართლოსი, – წყალი მომიტანე, ტელევიზორის პულტი მომაწოდე და ერთი ცალი ბლინი გამომიცხვე.
– დე, რად გინდოდა, ასეთ კაცს რომ გაჰყევი ცოლად?
– სამაგიეროდ, კარგი მამაა, ერთგული ქმარი. ოჯახზე მეტად არაფერი უყვარს.
– მერე? არ გეზარება, ახალშობილივით რომ უვლი?
– ცოდოა, იღლება. არ გახსოვს, იმ დღესაც ძლივს რომ ამოვიდა ბელინსკიზე?!
– ეჭვიანი როა? ისეთ რამეს მოიფიქრებს! მე შენ გეტყვი, ფანტაზია აკლია.
– რას იზამ. მისი პროფესიის კაცი კიდევ კარგ ჭკუაზეა. ბევრი რამ ნახა ცხოვრებაშიც და კულისებშიც. უკეთილესია ქართლოსი. თავისთვის არაფერი უნდა. მე რომ არ ვყიდულობდე, საცვალიც არ ექნებოდა. ფილარმონიაში ხელფასს რომ აიღებდა, ჩამოდიო, მირეკავდა. რომ არ ჩავსულიყავი, იქვე არიგებდა ხოლმე.
– იცი, რას გეტყვი? რამდენიც არ უნდა ილაპარაკო, ძნელია ასეთი კაცის ცოლობა.
– ძნელი კია, მაგრამ მის გვერდით ცხოვრება საინტერესოა და უსასრულო.
– დე, მეც მინდა შენი და მამასნაირი სიყვარული ვიცოდე…

მართლაც მამა სიყვარულით სავსე ადამიანი იყო. დედაზე ძალიან ეჭვიანობდა. ბოლო წუთამდე ეჩვენებოდა, რომ დედა ულამაზესი იყო. როცა გიყვარს, ალბათ, ასე ხედავ. მამას დედას სიყვარულმა ლოცვა ასწავლა. შეეძლო ელოცა მხოლოდ იმის გამო, რომ დედას სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეევედრებინა. დედას ძალიან მძიმე დაავადება აღმოაჩნდა. მამამ იცოდა, რომ მეუღლის მზრუნველობის გარეშე ერთ დღესაც ვერ გაძლებდა და ღმერთს სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე მეუღლე შეავედრა. უფალს სთხოვა, მისი ავადმყოფობა მე შემყარეო. შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ მალე თავად გარდაიცვალა იმავე დაავადებით, ხოლო დედა განიკურნა. მამამ ავადმყოფობა უფლის საჩუქარივით მიიღო და მშვიდი და ბედნიერი წავიდა, თუმცა მის გარეშე ვერც დედამ გაძლო ერთ წელზე მეტი. ხშირად ამბობდა, გგონიათ, მამათქვენი აქეთ დიდხანს გამაჩერებს? მალე მეც წავალო და მართლა მალე წავიდა…

მხიარულება სევდის გარეშე არ არსებობს. ძალიან ღრმა განცდები და თავისი, ჩაკეტილი შინაგანი სამყარო ჰქონდა.

სულ ხალხთან ჰქონდა ურთიერთობა და ექსტრავენტულად ცხოვრობდა, მაგრამ, მე რომ მკითხოთ, ინტრავენტი იყო. მისი მსგავსი ღრმა განცდები და განსხვავებული სამყარო მარტო ინტრავენტებს აქვთ. ბევრ რამეს განიცდიდა და ბევრს დარდობდა. დარდობდა, რომ ადამიანებს ერთმანეთი არ უყვართ. ამასთანავე, ძალიან პოზიტიური ადამიანი იყო. მტერსაც კი ეფერებოდა, თუმცა მტერი არ ჰყავდა, რადგან სიძულვილი არ შეეძლო.

ქართლოს კასრაძეზე უამრავ სასაცილო ისტორიას ჰყვებოდნენ:
ერთხელ, პრაღაში ჩეხებს მშობლიურ ენაზე ჩაუტარა კონცერტი. დარბაზი ტაშით დანგრეულა. აცვენილან ჩეხები სცენაზე. ქართლოსს ჰკოცნიდნენ და ეკითხებოდნენ, რა ენაზე ლაპარაკობდიო…

ერთხელ, საიქიოდან დეპეშა მოსულა, წაიყვანეთ ეს კაცი აქედან, დაგვხოცა სიცილითო. ქართლოსს გაუგია და უკითხავს, თქვე კაი ხალხო, დახოცილები არ იყავით, მე რას მაბრალებთო.

ერთხელ, საბჭოთა პასპორტში ლენინის სურათი ჩაუკრავს და მილიციელებს უმტკიცებდა, მამაჩემიაო.

ქართლოს კასრაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა, თურმე ბავშვობიდან ამბობდა, 80 წლის ვერ გავხდებიო და ეს წინასწარმეტყველება უზუსტესად აუხდა.