24 დეკემბერი, 2021

ნიკა ჩერქეზიშვილის შესანიშნავი ჩანაწერი

პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი ათასობით მკითხველს სთავაზობს ჩანაწერს, რომელიც თითოეულ ჩვენგანს დააფიქრებს:

“მეზობლის გაჩხიკული ბავშვი კითხულობს,
რა ღირს წინა დღის პური…
ვუყურებ
და ვფიქრობ,
რომ იქ,
სადაც სუქდებიან ერთეულები,
ნეკნებზე გადაკრული ტყავით უწევთ ცხოვრება
ასი ათასებს.

ლომბარდის რიგში დგას
მარტოხელა დედა
ღვთისმშობლის გულსაკიდის დასაგირავებლად,
მის ახალშობილს კი არავინ ეთამაშება,
რომ ტირილი შეწყვიტოს.

მკერდი ჯვრითა
და კედლები ხატებით,
გულები უღმერთოდ.

ნაგვის ურნები,
როგორც სწრაფი კვების
მოდერნიზებული ობიექტები
სიცოცხლით სავსე ქალაქში.

სამასკაციან კონკურსში
იმარჯვებს ის,
ვინც უკვე წელიწადზე მეტია მუშაობს
ვაკანტურად გამოცხადებულ პოზიციაზე.

უპატრონო ბავშვები
უცხოელ ტურისტებს ეკონწიალებიან კიდურებზე.
მოხუცთა თავშესაფრებში ადგილები გადაივსო.
ის ხალხი კი,
ვისაც სახლ-კარიც აქვს
და საჭმელ-სასმელიც,
აქციებს აწყობს,
ნარკოტიკების თავისუფალი მოხმარებისთვის.

პოლიციას ტვინი არ ჰყოფნის
და კუნთებს აწვება.

ვაჟკაც ბიჭებს
გოგოების საქალწულე აპკის მდგომარეობა
უფრო აწუხებთ,
ვიდრე ქვეყნის დარღვეული
ტერიტორიული მთლიანობა.

მამლები გაუჩერებლად ყივიან,
მაგრამ არავინ არის ისეთი,
ვინც შეიძლება უარვყოთ.”