27 დეკემბერი, 2021

ლია კაპანაძე დოდო აბაშიძეზე

მსახიობებს ლია კაპანაძესა და დოდო აბაშიძეს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ. ეს ურთიერთობა კი რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის “დიდი მწვანე ველი” გადაღებების დროს დაიწყო.

მათ რომანი ლია კაპანაძის პრინციპულობის გამო დასრულდა. ამბობენ, რომ საყვარელ მამაკაცს შეცდომა არ აპატია. თავად მსახიობი ამ ამბავს ასე იხსენებს:

“ჩვენ შორის ყველაფერი ბუნებრივად დაიწყო და განვითარდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელი ცხოვრება ერთად ვიყავით. ჩემი და დოდოს ურთიერთობა არავის უკვირდა. მისი მეგობრები ამჩნევდნენ, რომ დოდო ჩემთან ურთიერთობის შემდეგ ბედნიერი და მხიარული გახდა, მაგრამ შეცდომა არ ვაპატიე! სიყვარულში შეიძლება პატარა რამ მოიტყუო, მაგრამ თამაშს ვერ ავიტან! დოდოს ძალიან უნდოდა ჩემთან შერიგება, მაგრამ არ მივეცი ამის საშუალება…

ბოლოს კინოსტუდიის ტერიტორიაზე ვნახე. ის მეგობრების გარემოცვაში იდგა და რაღაცას ჰყვებოდა, ხმამაღლა ლაპარაკობდა. ვგრძნობდი, უნდოდა, მივსულიყავი, მელოდა, მაგრამ არ მივედი…”