2 დეკემბერი, 2021

ლევან გოთუას გამაოგნებელი წერილები

მწერალი ლევან გოთუა სამშობლოს სიყვარულისთვის დაისაჯა – 22 წელი გადასახლებაში გაატარა, თუმცა სოლოვკების, ნარიმისა და ბიისკის საკონცენტრაციო ბანაკების მკაცრმა რეჟიმმა მაინც ვერ გატეხა.

“არტინფო” გთავაზობთ ლევან გოთუას წერილებს, სადაც მისი უმძიმესი ცხოვრების ეპიზოდებს თვალნათლივ დაინახავთ:

“…ვის დასჭირდა ჩემი გაძევება და რატომ? მალე წავა მატარებელი და უმოწყალოდ დამაშორებს საყვარელ სამშობლო საქართველოს. ძნელია ეტაპში წასვლა, მაგრამ რას ვიზამთ? ისეთ საშინელ გარემოცვაში ვართ, სადაც სიმართლე არ ფასობს!…

…თურმე ჩვენი დაჭერა წინასწარ მომზადებული სცენარით გათამაშებული წარმოდგენა ყოფილა. ჩვენს გამყოლს თავიდანვე გავუყიდივართ. მათ, ალბათ, აწყობდათ ვაჟკაცების სიკვდილი….

…ჩემო კარგებო, ვიმყოფები მოსკოვში, ბუტირკის ციხეში. გზიდან სამი წერილის გადმოგდება შევძელი. იქნებ, ერთ-ერთმა მაინც მოაღწიოს თქვენამდე. მოსკოვიდან, ალბათ, გრძელი გზა მელის, ამიტომ, ეცადეთ, თბილი ტანსაცმელი გამომიგზავნოთ. ლევანი. 1925 წლის 21 სექტემბერი….

…საყვარელო მშობლებო, ვერც კი წარმოიდგენთ, აქ, სოლოვეცკში, რა ხდება. ჯერ მე თვითონ ვერ გავერკვიე ამ ჯოჯოხეთში. ირგვლივ ყინულოვანი მთები და ჩრდი­ლოეთის პოლარული ნათებაა. ქართველი ბიჭები ერთმანეთს ვეხმარებით. ვნახოთ, რას მოგვიტანს ახალი, 1926 წელი….

…ჩემდა საბედნიეროდ, მოსკოვმა ჩემს მიმართ ადამიანობა გამოიჩინა – დახვრეტა შემიცვალა და ათი წელი ამკიდა მძიმე გამასწორებელ ბანაკში გადასახლებით, როგორც გამოუსწორებელ, მძლავრ პოლიტიკურ მოღვაწეს…

…ვიმყოფები ვორკუტაში. ეს ადგილი მდებარეობს ტუნდრაში, პოლარულ ხაზს იქით. ვმუშაობთ ქვანახშირის საბადოებზე. აქ არაადამიანური შრომის პირობებია. გავჭაღარავდი და ყველა “მოხუცს” მეძახის, არადა, მხოლოდ 43 წლის ვარ…

…ჩეკისტებმა ასეთი წამებაც მოიფიქრეს: პატარა იზოლატორს 50 გრადუსამდე გაახურებენ. მოსარჯულებელ პატიმარს დამარილებულ თევზს აჭმევენ, იზოლატორში ჩააგდებენ და გარეთ წყალს მოუშვებენ, რომ მისმა ჩხრიალმა მოწყურებული კაცი გააგიჟოს…

…ისევ შორეული მხარე და მარტოობა, თითქოს განგება შემოწერილი მაქვს. რა ვქნა, რა გზას დავადგე, ვერაფერი ვერ შევძელი, რაც არის, არის…”