9 დეკემბერი, 2021

გეგა კობახიძის “ლაზარეს” სასწაული

მსახიობმა გეგა კობახიძემ ქართლოს ხოტივარის ფილმში “ლაზარე” მთავარი როლი შეასრულა და მაყურებელს სამუდამოდ დაამახსოვრა და შეაყვარა თავი.

ნინო ერემაძე თავის წიგნში “გეგა კობახიძე” ფილმის გადაღებებიდან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტს იხსენებს:

“ლაზარეს” გადაღებისას, როდესაც მთაზე ლოცვის ეპიზოდს იღებდნენ, ქართლოს ხოტივარს გეგასთვის ჩუმად უთქვამს: წარმოიდგინე, ლაზარეს მზის მაგივრად იესო ქრისტე რომ დაენახა, როგორი სახე ექნებოდაო. გეგა გაოცებულა: ქრისტე როგორ უნდა დავინახოო? ქართლოსს განუმარტავს: გეგა, ღმერთი კაცს ხშირად ეცხადება, ოღონდ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. შენ ახლა დაინახავ ღმერთს, მაგრამ არავის გააგებინო, ეს მხოლოდ შენი და ჩემი საიდუმლო უნდა იყოს. ნუ დაიძაბები, იყავი გულწრფელი, დაუკვირდი უსინათლოს ლოცვას, მთლიანად შეუშვი გულში ლოცვის ყოველი სიტყვა და ღმერთს დაინახავ. ხომ გაიგე, გეგაო? გეგა ჩაფიქრებულა… დაძაბულად უყურებდა, თურმე, ჯერ მიწას, მერე სივრცეს, საიდანაც მზე უნდა ამოსულიყო. გარშემო ვეღარავის ხედავდა. მას თანდათანობით სახე ალეწვია… უცებ ჩურჩულით უთქვამს ქართლოსისთვის: ქართლოს ბიძია, გავიგეო! და როცა მზემ ამოსვლა დაიწყო და უსინათლო ლოცვას შეუდგა, ლაზარემ მართლა დაინახა ღმერთი!”