26 დეკემბერი, 2021

განიტვირთეთ ბიძინა კვერნაძის ხუმრობებით

კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე არაჩვეულებრივი ნაწარმოებების შექმნის გარდა, არაჩვეულებრივადაც ხუმრობდა.

“არტინფო” ხელოვანის ხუმრობების მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოგიდგენთ:

***

ოჯახის ბიძინასეული განმარტება: “ო“ არის რაკეტანასიწელივით, მოწყდება და დარჩება მხოლოდ „ჯახი“.

***

ერთხელ კვერნაძეებთან ტელეფონი არ მუშაობდა და ვიღაცამ ერქომაიშვილებთან დარეკა ბოდიშის მოხდით, იქნებ ქალბატონ ნუგეშას დაუძახოთო. გაციებული ნუგეშა სასწრაფოდ დაეშვა კიბეზე, მაგრამ უმალვე ამობრუნდა დარჩენილი ცხვირსახოცის ასაღებად და ისევ გაბრუნდა.
„რა დროს ცხვირსახოცია ქალო! ბაღდადურის საცეკვაოდ ხომ არ გეძახიან…“ – მიაძახა ბიძინამ.

***

თბილისში მაია პლისეცკაია უნდა ჩამოსულიყო და კვერნაძეებს აუცილებლად ესტუმრებოდა. არადა აბაზანაში ნიჟარა ჰქონდათ გატეხილი და ნუგეშამ სასწრაფოდ შეკეთება გადაწყვიტა. ნუგეშას ერთი პატიოსანი ხელოსანი, შურა გაახსენდა, რომელსაც დღისით ვერ დაუკავშირდა და გვიან საღამოს ქანცგამოცლილს შეევედრა, ეგებ დღესვე მომიხერხო რამეო.
„Ну что ж, везите вашу раковину, У меня как раз есть новый универсальный клей” – ხათრი არ გაუტეხა შურამ.
ნუგეშამ ნიჟარა მანქანაში ჩატვირთა და დაძვრას რომ აპირებდა ბიძინაც გამოჩნდა ეზოს შემოსასვლელში.
„უჰ, ბიძინა რა დროზე მოხვედი, ჩამიჯექი და გამომყევი,“ – ამოისუნთქა ნუგეშამ.
„სად მიდიხარ?“
„შურას универсальный клей ჰქონია და ნიჟარა უნდა დაგვიწებოს“.
„კი მარა, ქალო, ამ შურას ამისთანა რა კლეი აქვს შუაღამეზე რომ გამოგიყვანა სახლიდან?“ – შეაგება ბიძინამ.

***

ერთხელ ტანად ცისანა ტატიშვილს ნუგეშამ გაუწია აკომპანიატორობა.
აპლოდისმენტების დროს შეუფერებელი პროპორციების ორი ქალბატონი ერთად უკრავდა თავს მსმენელს.
„ნუგეშა, ქართლის დედასთან მისულ ტურისტს ჰგავდა!“ – უთქვამს ბიძინას.

***

ტანმორჩილი მხატვრის, გოგი თოთიბაძის მაღალ, წარმოსადეგ ცისანა ტატიშვილზე დაქორწინების ამბავი ბიძინას ნუგეშამ ამცნო:
„ბიძინა, გაიგე გოგის ცისანა მოუყვანია ცოლად!“
“როგორ, მთლიანად?“ – გაიკვირვა ბიძინამ.