13 დეკემბერი, 2021

დავით ღვინიანიძის კულტურის ცენტრი ამერიკაში

ამერიკაში, ფილადელფიაში “დავით ღვინიანიძის სახელობის ხელოვნებისა და კულტურის” ცენტრი გაიხსნა, რომელიც დიდ გავლენას იქონიებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე.

საოპერო მომღერალმა თავისი სახელობის კულტურის ცენტრის გახსნა და დაბადების დღე 4 დეკემბერს აღნიშნა. საზეიმო წვეულებას საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ. მსმენელის წინაშე წარსდგნენ ქართველი ემიგრანტი ხელოვანები – ნინი წიკლაური, ლევან შენგელია, ირაკლი შარაძე და ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელმაც დავითს, თავის პროდიუსერსა და მასწავლებელს, გულთბილი სიტყვებით გადაუხადა მადლობა მხარდაჭერისთვის.

დავით ღვინიანიძემ დიდხნიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ რამდენიმე ქართული სიმღერა შეასრულა.

ეს ერთადერთი კულტურის ცენტრია ამერიკაში, რომელიც ქართველი ბარიტონის სახელს ატარებს, სადაც მნიშვნელოვანი კულტურული პროექტების ორგანიზება იგეგმება – ხელი შეეწყობა ამერიკაში მცხოვრები ქართველი შშმ პირების უფასო სწავლებას, გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები კი დავით ღვინიანიძის სტიპენდიით ისწავლიან.

დავით ღვინიანიძემ სცენიდან ამცნო საზოგადოებას ქართული ეროვნული ბალეტის “საქართველოს” დაფუძნების შესახებ, რომელსაც ქორეოგრაფი ლადო გელაშვილი უხელმძღვანელებს. სტუდია ამერიკაში მცხოვრებ ქართველებსა და ქართული ცეკვით დაინტერესებულ უცხოელებს ფართოდ გაუღებს კარს.