13 ნოემბერი, 2021

ვაჟა ფშაველას სამაგალითო გადაწყვეტილება

გენიალურ შემოქმედს ვაჟა ფშაველას 53-წლიან ცხოვრებაში არაერთი მისაბაძი ნაბიჯი გადაუდგამს.

ერთ-ერთი ისტორია მისმა შვილმა გულქან რაზიკაშვილმა ფოლკლორისტ ეთერ თათარაიძეს უამბო:

“კაცი რამ იყო, ივანე სანიკუაანთი. იმისი ცოლი მზევინარი მოვიდა, ივანე მოგვიკვდა, თამაროო, ხო არაფერი გაქ ლუკასი ნაძველებიო, რო შემოვახვიოთო, შიშველს მიწაში ნუ ჩავაგდებთო…

– აბაო, – თამარმა, – რა უნდა მოგცაო, არც ამასა აქვ გამოსაცვლელებიო, ათასგან დადის, ტიტველი ხო ვერ ივლისო…

შემობრუნდა მამაჩემი და ემ საათშიო, – უთხრა ცოლსა, – ჩემი ტანისამოსი რო ჰკიდავ კედელზეო, ჩოხა-ახალუხიო, პერანგიო, შეუხვიე რამეშიო…

– რაში შაუხვიოო? – სუფრის ნაგლეჯი რო გვაქ, იმაში შაუხვიეო. მე ცოცხალი ვარ და ვიშოვიო, იმ კაცს შიშველს ხო არ ჩავაწვენთ მიწაშიო…

შევიდა ჩემი დედინაცვალი, გამოუტანა მამის ტანსაცმელი და მამაის ტალავარით დაიმარხა სანიკუაანთ ივანე…”