29 ნოემბერი, 2021

საინტერესო წერილი ჭაბუა ამირეჯიბის “დათა თუთაშხიაზე”

ჭაბუა ამირეჯიბის რომანზე “დათა თუთაშხია” საკმაოდ საინტერესო წერილი დაწერა პუბლიცისტმა აკაკი ბაქრაძემ და ჭეშმარიტების სარკეში კიდევ ერთხელ ჩაგვახედა:

“ჩემი აზრით, “დათა თუთაშხია” ერთ-ერთი მარადიული წიგნია, რომელიც ჩვენს ხალხს სულ გაყვება მისი ცხოვრების გზაზე და ყოველთვის ექნება მას ინტერესი მისი კითხვისა და ამ კითხვის შედეგად მოგვრილი სიხარულიც. რა თქმა უნდა, ბედნიერია ავტორი, რომელსაც შეუძლია ასეთი წიგნი დაწეროს და დატოვოს როგორც თავის სასახელოდ, ისე იმ ხალხის სასახელოდ, ვინც უნდა იკითხოს ეს წიგნი და ვისაც აქვს საშუალება ამ წიგნთან ურთიერთობა ჰქონდეს.

ძალიან სამწუხაროა ის, რაც ჩვენში ამგვარი წიგნის ავტორის მიმართ ხდება. ეს ძალიან სამწუხაროა. მაგრამ მე თავს იმით ვინუგეშებ, რომ ამ შემთხვევაში არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ხდება, რაც საქართველოში არ მომხდარა.

ასეთი რამდენი მაგალითის გახსენება შეიძლება, თუნდაც აგერ უახლოეს, მე-19 საუკუნის ეპოქაში. ჩამოვთვალოთ უბრალოდ: კრიტიკოსი ესტატე ბოსლეველი მოკლეს, დიმიტრი ყიფიანი მოკლეს, ივანე მაჩაბელი უგზო-უკვლოდ დაიკარგა და არ ვიცით – რატომ და რისთვის, ილია ჭავჭავაძე მოკლეს, ნიკო ხიზანიშვილი მოკლეს, თედო რაზიკაშვილი მოკლეს და კათალიკოსი კირიონი მოკლეს. მოხდა 7 მკვლელობა დაახლოებით 35 წლის მანძილზე. ყველაფერი ეს მეტყველებს იმაზე, რა სასტიკი და ულმობელია ქართველის დამოკიდებულება მისი საუკეთესო შვილების მიმართ და რა უგუნურია ეს დამოკიდებულება!

ყველა ქვეყანაში ხდება უბედურება, ყველა ქვეყანაში შეიძლება მოკლან დიდი ადამიანი, მწერალი იქნება, პოლიტიკური მოღვაწე თუ სხვა რომელიმე დარგის წარმომადგენელი. მაგრამ, აი, ასეთ პატარა მონაკვეთში ამდენი დიდი ადამიანის მოკვლა და თან არც ერთი არ ვიცით – რატომ და რისთვის, ვინ და როგორ, ეს უკვე პირდაპირ გასაოცარია. როდესაც ყველაფერ ამას გაითვალისწინებს ადამიანი, აღარ უნდა გაუკვირდეს, რომ ჭაბუა ამირეჯიბს – “დათა თუთაშხიას” ავტორს – ტალახს ესვრიან.

როგორც ჩანს, ისტორიამ ვერაფერი გვასწავლა და ჩვენი დამოკიდებულება ისტორიის მიმართ დარჩა ყრუ. აი, ეს არის გულდასაწყვეტი. თორემ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა საქართველოში და, ალბათ, დიდხანს, დიდი ხნის მანძილზე ამას საქართველო, ქართველი ხალხი თავს არ დაანებებს, რაკი წარსულში ეს ყოველთვის ხდებოდა და დღესაც მეორდება იგი. მაგრამ, თავისთავად, ეს ამ წიგნს ვერაფერს დააკლებს. უბრალოდ, როგორც ჩანს, დიდი წიგნის ავტორს დიდი ბიოგრაფიაც უნდა ჰქონდეს და ამ ბიოგრაფიის ნაწილია ესეც. მით უმეტეს, რომ ჭაბუა ამირეჯიბს მართლა საუკეთესო ბიოგრაფია აქვს. თვითონ შეიძლება იყოს ერთი დიდი და საუკეთესო რომანის პერსონაჟი. ალბათ თავისი თავგადასავალი რომ დაეწერა, შეიძლება ისეთივე საინტერესო წიგნი გამოსულიყო, როგორიც “დათა თუთაშხიაა”. და ამ ბიოგრაფიის ავტორს ესეც სჭირდება. ეს აუცილებელიცაა. შეიძლება გული დაგვწყდეს, მაგრამ მაინც რაღაც კანონზომიერებას ემორჩილება ეს და ამ კანონზომიერებას უნდა გაუძლოს კაცმა.”