15 ნოემბერი, 2021

საინტერესო ისტორია ვახტანგ გორგასალზე

მეფე ვახტანგ გორგასალზე საინტერესო ისტორიას ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი გიორგი კალანდია გვიზიარებს:

“საბედნიეროდ, ქართლის სახელოვანი მეფის ვახტანგ გორგასლის გამოსახულება შემოგვრჩა. საქმე იმაშია, რომ ამ დიდებული მონარქის სახე 1833-1844 წლებამდე სვეტიცხოველში შემონახული იყო, თუმცა ეგზარქოს ევგენის მმართველობის დროს სვეტიცხოვლის ტაძარში ინტერიერის გალესვა დაიწყეს. ეს პროცესი იმდენად ზერელედ და უხარისხოდ მიმდინარეობდა, რომ მალე ბათქაშმა ჩამოცვენა დაიწყო და ის მალე სრულად მოსახსნელი გახდა.

უხარისხოდ დადებულ ბათქაშთან ერთად ძველი ნალესობაც მოხსნეს, რასაც არაერთი ქართული ფრესკა შეეწირა.
წინასწარ გრძნობდა რა ამ საშიშროებას, ისტორიკოსმა პლატონ იოსელიანმა რუსეთში მოღვაწე იტალიელ მხატვარს, საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის წევრს სამინიატურო ხელოვნების განხრით პიერ როსის ქართველთა უპირველეს ტაძარში განსაკუთრებით ფასეული ფერწერული სახეების ასლების დამზადება დაუკვეთა. სწორედ როსის წყალობით, მომავალ თაობებს შემორჩა ქართველი მეფეების სვეტიცხოვლის ტაძარში ოდესღაც არსებული ძვირფასი სახეები. მათ შორისაა მეფე ვახტანგის ძვირფასი სახება!

ამ ესკიზების ფერადი რეპროდუქციები პირველად პროფესორმა ზაზა სხირტლაძემ გამოაქვეყნა. მეფე ვახტანგ გორგასალი. პიერ როსსი. ნიკოლოზ დადიანის ასლი. ხელოვნების სასახლის კოლექცია.”