21 ნოემბერი, 2021

ნინა ცაგარელი: “ღამის სერენადები” საქართველოს უძველესი ფესტივალია, რომელიც მსოფლიო ლეგენდამ შექმნა

ფესტივალი “ღამის სერენადები”, რომელიც ლეგენდარული მუსიკოსის ლიანა ისაკაძის დაფუძნებულია, მივეჩვიეთ, რომ ყოველ წელს ძალიან საინტერესო, ღრმა და აღმოჩენებით სავსე მუსიკალურ საღამოებს უწყობს მსმენელს. კომპანია „არტ ალიანსი“ 4 წელია ფესტივალის ორგანიზატორია.

ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელთან და ფესტივალის დირექტორთან ნინა ცაგარელთან.

– რას პირდება ერთგულ მსმენელს რიგით მეცამეტე საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სრენადები”?

– წლესაც ისევე გამორჩეულ და საინტერესო საღამოებს გპირდებით, როგორც ყოველთვის. სახელოვანი, ნიჭიერი ქართველი და უცხოელი მუსიკოსების მასპინძლები ვიქნებით. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ცნობილი სოლისტები და დირიჟორები, როგორებიც არიან მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი, იტალიელი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი, გერმანელი კლარნეტისტი საბინე გროფმეიერი, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი, მომღერალი სოფო ხალვაში, პიანისტი და კომპოზიტორი სანდრო ნებიერიძე. სანდრო უკვე მეორე წელია „ღამის სერენადების” სამხატვრო ხელმძღვანელის, ინგოლშტატსა და მიუნხენში მუსიკისა და ცეკვის აკადემიის დამფუძნებელისა და დირექტორის, გიორგი ისაკაძის დაკვეთით ახალ ნაწარმოებებს ქმნის ფესტივალისთვის.

ასევე აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის, რომელიც მოიცავს დარგობრივ მასტერკლასებსა და ვორკშოპებს. აქვე უნდა ავღვნიშნო, რომ ფესტივალი ტრადიციებს არ ღალატობს და პროგრამის ფარგლებში მოწვეული, უკვე გამოცდილი და საქვეყნოდ წარმატებული ქართველი და უცხოელი ხელოვანები, თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ ახალგაზრდა თაობას. როგორც უკვე იცის საზოგადოებამ და მუსიკის მოყვარულებმა, ჩვენი მიზანია, არამხოლოდ დედაქალაქში, არამედ საქართველოს რეგიონებშიც ახალგაზრდა ნიჭიერი მოზარდების მუსიკალური განათლების მხარდაჭერა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

– რით იყო გამორჩეული “ღამის სერენადების” ბათუმის საკონცერტო საღამო?

– ბათუმის საკონცერტო საღამო მიეძღვნა ქართველი და იტალიელი ხალხის მეგობრობას და აღვნიშნეთ ცნობილი იტალიელი კომპოზიტორის ნინო როტას 110 წლის იუბილე. ვირტუოზმა იტალიელმა ბანდონეონისტმა მარიო სტეფანო პიეტროდარკიმ თავისი საოცარი პროგრამით ნამდვილად მოაჯადოვა მსმენელი. “იტალიელ ხალხს” – ასე ეწოდება ნაწარმოებს, რომელიც იტალიელი ხალხის მხარდასაჭერად პანდემიის დროს დაწერა მაესტრო ნიკოლოზ რაჭველმა .
წელს “ღამის სერენადების” მაყურებელმა პირველად მოისმინა ნაწარმოები ცოცხალი შესრულებით .აქვე უნდა აღინიშნოს ცნობილი ქართველი მომღერალის სოფო ხალვაშის ბრწყინვალე გამოსვლა ფესტივალის ფარგლებში.
ასტორ პიაცოლას „ტანგო ობლივიონი“ კი მარიო სტეფანო პიეტრო დარკთან მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან და სოფო ხალვაშთან ერთად პირველად მოისმინა სცენაზე მაყურებელმა .მათმა შემოქმედებითმა კოლაბორაციამ აღფრთოვანებული დატოვა მსმენელი.
ფესტივალი ცნობილ და წარმატებულ მუსიკოსებთან ერთად ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობს ნიჭიერ ახალგაზრდა მუსიკოსებს. წლევანდელ ფესტივალში მსმენელს წარვუდგინეთ კონსტანტინე ვარდელის სახელობის კვარტეტის მუსიკოსები. მათ ფესტივალის ფარგლებში შესაძლებლობა ქონდათ მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან მუსიკოს მიხელ ქართველიშვილთან ერთად ემუშავათ ვირტუოზ იტალილელ მუსიკოსთან მარიო სტეფანო პიეტროდარკისთან ერთად.

– თბილისის კონცერტი რას გვპირდება, რით გაგვაოცებთ?

– თბილისის კონცერტი ნამდვილი დღესასწაული იქნება მუსიკის მოყვარულთათვის. მსმენელის წინაშე წარსდგებიან მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი, გერმანელი სახელგანთქმული კლარნეტისტი საბინე გროფმაიერი, ახალგაზრდა ნიჭიერი პიანისტი და კომპოზიტორი სანდრო ნებიერიძე და “ღამის სერენადების” მთავარი მარგალიტი – ფესტივალის საბაზო ორკესტრი “საქართველოს ვირტუოზები” – ქალბატონ ლიანა ისაკაძის მიერ ჩამოყალიბებული საოცარი ორკესტრი. ეს ორკესტრი გამორჩეული კონცეფციით არის შექმნილი, ყველა წევრი საქართველოში ან საზღვარგარეთ წარმატებით მოღვაწე გამორჩეული ნიჭის მქონე მუსიკოსია. ორკესტრის მთავარი დირიჟორია მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი, ხელმძღვანელი – მუსიკოსი სერგო ეროიანი, ხოლო კონცერტმაისტერი – მევიოლინე ლელა მჭედლიძე.

როგორც ფესტივალის დირექტორმა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ფესტივალის ტრადიციულ მხარდამჭერებს: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიას, ქალაქ თბილისის მერიას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, იტალიისა და გერმანიის საელჩოებს საქართველოში, ფესტივალის ოფიციალურ მზღვეველს – კომპანიას „არდი“.

მადლობა ფესტივალის ყველა მხარდამჭერს და ყველა მედია პარტნიორს. მადლობა ჩვენს გუნდს, მუსიკოსებს და ჩვენი ფესტივალის მსმენელს ერთგულებისთვის.

ფესტივალის უწყვეტად ჩატარება უმნიშვნელოვანესია. გასულ წელს, როდესაც ფესტივალის სტუმრებთან მოლაპარაკება დასრულებული გვქონდა და კონტრაქტებიც ხელმოწერილი, მსოფლიოს პანდემია დაატყდა თავს. გამოსავალი ფესტივალის ონლაინ ჩატარება იყო. სწორედ ამ ფორმატმა გახადა შესაძლებელი, რომ მუსიკის მოყვარულებს ფესტივალის საკონცერტო პროგრამის ნახვა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან შეეძლოთ. უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს კონცერტების ტრანსლაციას, საოცარ ემოციებს და მადლიერებას გამოხატავდნენ ფესტივალისა და შემსრულებლების მიმართ. მუსიკა ხომ საერთაშორისო ენაა, მთავარია მისით ტკბობა და აღქმა იმისა, რაც კონკრეტულ მომენტში ხდება სცენაზე.

“ღამის სერენადები” არის საქართველოს უძველესი ფესტივალი, რომელიც მსოფლიო ლეგენდამ შექმნა, ის ათეულ წლებს ითვლის და ამაყი ვარ მისი არსებობით.