6 ნოემბერი, 2021

ლია ლიქოკელის შესანიშნავი ინიციატივა

პოეტი ლია ლიქოკელი შესანიშნავი ინიციატივით გამოდის. გიფიაქრიათ ოდესმე დედაჩვენები რომ ვიშვილოთ? არა? მაშინ ამაზე ლია ლიქოკელის ლექსი დაგაფიქრებთ:

“ზოგჯერ დედაჩვენები რომ ვიშვილოთ.
ზოგჯერ დედაჩვენები რომ ვიჩვილოთ.
კალთაში ჩავისვათ,
მკერდზე მივიყუდოთ დაჭაღარავებული თავები,
ცხელ შუბლებზე ხელები შემოვაწყოთ,
დავარწიოთ და ვუღიღინოთ,
დავარწიოთ, დავუნანაოთ:
ნანა, ნანა დედასაო,
ჩემ გამჩენელს, ჩემგან გაჩენილსაო.
შენი დარდი მე, დედი, შენი ცრემლი მე,
შენი ცეცხლი მე, შენი ნაღველი მე,
მე დამწვას, მე დამლიოს,
დამნაცროს, მიწას გამრიოს.
დაიძინე, ჩემო შვილო დედაჩემო,
დაიძინე, დედამზევ, დედამიწავ.
შენი სიკვდილი მე, დედი,
ჩემი სისხლი შენ,
ჩემი სიცოცხლე შენ.
მზე ჩადგეს, ჩემი გული ამოვიდეს.
შენი ხელები, დედი,
უბეში, უბეში,
მკერდზე მომიკაკუნე.
ნანაო, ნანაო, დედაჩემის ხელებო,
გულში ჩამომიწექით, დედაჩემის ხელებო.
მიმღერდეს ძარღვი ყელზე:
ნანა, ნანა დედასაო,
ნანა დედაჩემის სუნთქვას.
ჩემ კალთაში დაბერდი, დედი,
ჩემი კალთიდან ამოჩვილდი.
ადგეს მზე-დედა, ავდგე,
შავ მატყლში გავახვიო თოთო დედაჩემი.
წავიდე, შავ წყალში ხელები ჩავყარო,
სისხლი გამოვუშვა, ნაღველ-ბალღამი გამოჰყვეს.
წყალმა წაიღოს სიბერე,
წყალმა წაიღოს სიკვდილი.”