4 ნოემბერი, 2021

გელა ფარჩუკიძის მხიარული ისტორია

ბავშვთა კაპელას ხელმძღვანელი, უნიჭიერესი მაესტრო გელა ფარჩუკიძე მხიარულ ისტორიას გვიზიარებს:

“ერთი ღიმილიანი შემთხვევა მქონდა და მხოლოდ იმიტომ მინდა ეს გაგიზიაროთ, რომ ის ხალხი, ვინც ასე ფიქრობს, თქვენი დახმარებით, ერთად მივანიშნოთ რომ ცოტა თვალი და ტვინი გაახილონ…

ჩემთან სკოლაში მოვიდა ერთი შუახნის ქალბატონი 10–12 წლის გოგონასთან ერთად. კარებიდანვე მკითხა – ბავშვი მყავს მოყვანილი კაპელაში მოსასმენადო… კი ბატონო, მობრძანდი-თქო… შემოვიდნენ… დაბრძანდი-თქო – მივუთითე სტუმრებისათვის განკუთვნილ სავარძელში, რომლის გვერდზე თავის სადგამებზე „იდგნენ“ აკუსტიკური და ელექტრო გიტარები.

სანამ დაჯდებოდა გაჩერდა და დაუფარავი ზიზღით მიაჩერდა ელექტრო გიტარას…. და მეკითხება – ამ სატანის ინსტრუმენტს თქვენთან რა უნდაო……

დიიიდი, გამაოგნებელი პაუზის მერე საწყლად ამოვილუღლუღე – და ვინ გითხრათ, რომ მაგაზე სატანა უკრავდა-თქო… როგორო, როკს ხომ ამითი უკრავენო…. უცებ გამიხარდა, რომ ბას გიტარა და დასარტყამი ინსტრუმენტი იმ ოთახში არ მქონდა…

არა, ქალბატონო, რა სისულელეა, რა სატანა, ვიღაც უტვინომ გითხრა-თქო ალბათ, თორემ ქრისტეს ამ ინსტრუმენტითაც ადიდებენ და ფანდურითაც-თქო…

რას ამბობთო…. მაგით თქვენ ჩემს მოძღვარს აყენებთო შეურაცხყოფასო..

იმავე კედელზე სურათი მიკიდია ჩარჩოში ჩასმული, ჩვენს საფიცარ პატრიარქთან ერთად გადაღებული… მე ვუთხარი – ქალბატონო, შეხედეთ ერთი ამ სურათს… და თან უწმინდესს გიტარითაც ვუნახივარ-თქო…

მივიდა და მიაშტერდა სურათს. ალბათ უნდოდა რომ „აღმოეჩინა“, რომ ის ადამიანი პატრიარქი არ იყო.
ნელა შემოტრიალდა… მომიახლოვდა… დამაკვირდა კარგად (თვალებში ეწერა დიდი ასოებით – ვაი შე საცოდავო… და ამოიჩურჩულა – არა, მე ბავშვს აქ ვერ გავზრდიო…..

მიუტრიალდა ბავშვს და ხელის კვრით გაიგდო წინ (საცოდავი პატარა) რაღაც ჩურჩულის მსგავსი ხმებით…

უცებ გამახსენდა მამა ალქასანდრე გალდავა, რომელსაც ელექტრო გიტარების უმდიდრესი კოლექცია აქვს თავად სულით და ბუნებით უმდიდრეს ადამიანს… აი, იმასთან უნდა ჩაკეტო ეს ქალი და ასმენინო მამაოსვე შესრულებით სხვადასხვა, უკვე კლასიკად ქცეული მელოდიები… ყველაზე დიდი მკურნალობა ეს ექნება მისი სულისათვის… და ტვინისათვის მითუმეტეს…

ალელუია… დიდება შენდა ღმერთო…”