30 ნოემბერი, 2021

არაჩვეულებრივი ზაირა არსენიშვილი

zaira-arsen.jpgმწერალი ზაირა არსენიშვილი შესანიშნავ სამადლობელს უძღვნის უფალს და მადლობას სწირავს მას.
“მადლობისა”, “ვედრებისა” და “შენდობისა” ერთგვარი ტრილოგიაა:

 

მადლობისა
გმადლობ, უფალო,
მაზიარე უმთავრეს მცნებას:
მოყვასისთვის ამავსე ზრუნვით
და ტანჯვა მისი შენ მიქციე საკუთარ ტანჯვად…
გმადლობ, უფალო,
ვნების ყივილმა და სურვილის შემოძახილმა,
მთელ ქვეყანაზე მოთარეშე
შიშმა და ძრწოლამ
ვერ ჩამიხშო ხმა სინდისისა.
გმადლობ, უფალო,
არ გამწირე შენ საბოლოოდ და ფუტურო ხეს
შემარჩინე პატარა ყლორტი.

 

ვედრებისა
ო, გევედრები მუხლმოყრილი, ღმერთო მაღალო,
ხალხის ბედ-იღბალს ნუ მიანდობ უგულო ჯალათს,
ვისაც ღირსება და სიცოცხლე იმავ ხალხისა
ჩირად არ უღირს.
ხელაპყრობილი გსასიებ, ღმერთო,
ნუ აღაზევებ ქვეყნის გამგედ ხარბს და უტიფარს,
ვინც თავის მოხმედ, ვით ბოგანო აღზევებული,
წაჰგლეჯს მონაგარს… და ვინც ქვეყანას,
ვით ეშმაკი უპატრონი ეკლესიას,
შეესევა წასაბილწად და დასამხობად.
უფალო, კვლავაც გევედრები,
მესაჭეობას ნუ მიანდობ ბრიყვს და უმეცარს,
ვის ტვინშიაც ჩიტი ნისკარტს ვერ დაისველებს…
შენ შეაფერხე ფუჭი სრბოლა მწყრების სპასპეტთა,
თქარათქურით რომ მიაჭენებ ცხოვრების შარას,
და მხოლოდ მტვრით და კორიანტელით გვივსებენ თვალებს…
ო, არა, არა, უფალო ჩემო,
არ აბოგინო წინამძღოლად ის მობურთალი,
რომელიც ლამობს, დედამიწა გააბურთაოს!

 

შენდობისა
შემინდე, უფალო,
თუ დამეზაფრა გული, დამეხშო სული
და დამიშრა წყარო სიხარულისა…
შემინდე, უფალო,
თუ აღარ მახარებს დღისით მზე და ღამით მთვარე,
აღარ მალხენს მაღლა ცა და დაბლა მიწა…
შემინდე, უფალო, თუ ბოროტებამ წარმიკვეთა სასო,
და სიცრუის ქარბუქმა შთამინთქა
ჭეშმარიტებისა და იმედის ნაპერწკალი…
შემინდე უფალო, თუ აღარ მსურს,
თვალხილული ვიარებოდე შენს მიერ შექმნილ ქვეყანაზე…
მაშ, დამიხუჭე თვალი, უფალო,
და დამაძინე ტკბილი სიკვდილით…