6 ოქტომბერი, 2021

უმაგრესი პროექტი ქართული მუზეუმებისთვის

ქართული სამუზეუმო საქმიანობის გასაუმჯობესებლად უმაგრესი პროექტი დაიწყო.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“ერთი ძალიან მაგარი ამბავი მინდა მოგიყვეთ: კულტურის სამინისტროს წარმომადგენელს თეონა ჯაყელს და სამი მუზეუმის ხელმძღვანელს: ხელოვნების მუზეუმის დირექტორს ნიკა ახალბედაშვილს, ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორს ნინო ჭიპაშვილს და მე მოგვეცა უნიკალური შანსი დაგვეწყო უმაგრესი პროექტი: ჩვენს პოლონელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ სამუზეუმო საქმის მენეჯმენტში, გამოფენისა და განათების დიზაინში, ასევე ხისა და ქაღალდის რესტავრაციაში ქართველ სპეციალისტებს უმაღლესი დონის პოლონელი კოლეგები მოამზადებენ და გამოცდილებას გაუზიარებენ. ეს პროცესი, რომელსაც მთლიანად პოლონური მხარე აფინანსებს, წელსვე დაიწყება.

ეს არის ქართული სამუზეუმო საქმისთვის უდიდესი ხელშეწყობა, რადგან მანამდე ქართულ მუზეუმებს შორის არც ურთიერთანამშრომლობის და არც ევროპულ ინსტიტუციებში ესოდენ დიდი ჯგუფების გადამზადების პრეცედენტი არ არსებობდა.

ორმაგად ბედნიერი ვარ, რადგან ამ საქმეში ჩართულია მსოფლიოს ისეთი სახელოვანი სიძველეთსაცავები, როგორიცაა კრაკოვის ეროვნული მუზეუმი და ჩერტოვეცკების დიდებული სასახლე (სხვათაშორის, აქ ინახება ლეონარდოს “ქალი ყარყუმით”). ეს ბრწყინვალე საქმე ნამდვილად არ გამოვიდოდა რომ არა ქალბატონი მინისტრის თანადგომა და მხარდაჭერა, მადლობა მას ამ ძალისხმევისათვის, ასევე განსაკუთრებული მადლობა პოლონეთის ინსტიტუტს!

დარწმუნებული ვარ, ჩვენი მუზეუმები ამ უნიკალურ შანსს სრულად გამოიყენებენ და ბრწყინვალე შედეგს დადებენ. ხვალ უფრო საინტერესო და დატვირთული შეხვედრები გველის.”