5 ოქტომბერი, 2021

ირაკლი (შმაგი) დოლიძის საბედისწერო 5 ოქტომბერი

1989 წლის 5 ოქტომბერი საბედისწერო აღმოჩნდა ირაკლი (შმაგი) დოლიძისთვის. ის ქუჩაში ტაქსს აჩერებდა, როცა მანქანა დაეჯახა… ირაკლი მერაბ კოსტავას სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა…

მხატვარმა მაია კიკაბიძემ ირაკლი (შმაგი) დოლიძე გაიხსენა:

“ერთი ბიჭი იყო, ირაკლი (შმაგი) დოლიძე, როდის გავიცანი და როგორ არ მახსოვს 13 წლის ვიყავი დაახლოებით, ერთ უბანში ვცხოვრობდით, მაჩაბლის ქუჩაზე ცხოვრობდა ჩემზე უფროსი იყო ერთი წლით და ჩემი ლამაზი კლასელი უყვარდა.

შმაგი იყო ძალიან უცნაური და განსხვავებული სახელიც შმაგი დაირქვა ასე დამიძახეთო, მხიარული, ხმამაღალი იმ ეპოქისთვის ძალიან თავისუფალი იყო, უცბად საიდან სად გაჩნდებოდა ხოლმე, მეორე სართულიდან ხტებოდა…

მთასვლელობა უნდოდა, ერთხელ ვიღაცამ ბათინკები აჩუქა დიდი ბრაგუნა ბათინკები და ზაფხული იყო იმით დადიოდა მთაში მივდივარო, მე და ჩემს კლასელს სულ დაგვყვებოდა აქეთ-იქით უბანში, რაღაცეებს გვიყვებოდა ხელგაშლილი ემოციურად აჟიტირებული ხასიათით და იპრანჭებოდა, ერთხელ დამიძახა და ხელი გავიჭერიო მითხრა, მუშტი შეკრული ქონდა, გაშალა და ვხედავ ხელის გული გაჭრილი ჰქონდა ნემსით და ძაფით ამოუკერია, უნდოდა ეს ვაჟკაცობა მომეყოლა ჩემი მეგობრისთვის.

ყოველ დღე მხვდებოდა თითქმის, უბანში ხან თავის ქუჩაზე ხან “ბირჟასთან” სულ სოლოლაკში და ამდროს ყველგან იყო. თავისუფლება ცხოვრობდა მასში, უშუალო ადამიანი პატარასთან და უფროსთან ერთნაირად მეგობრობდა და ყველას უყვარდა, მასზე არასოდეს გამიგონია რამე უარყოფითი. ყველა იცნობდა, თბილისი იცნობდა. ერთ დღეს სახლში მივედი და დედაჩემმა ძალიან ცუდი ამბავი მოხდაო, მითხრა…

გული გამიჩერდა… 9 აპრილს გადარჩა, ისეთი იყო, რომ იქიდან ბევრს გამოიყვანდა და გადაარჩენდა. ერთი წელი არც იყო გასული 9 აპრილის შემდეგ, რუსთაველზე იდგა, ტაქსის აჩერებდა და მანქანა დაეჯახა. იყო ასეთი ადამიანი კარგი და საამაყო შმაგი.”