13 ოქტომბერი, 2021

გიზო ნიშნიანიძე თბილისსა და თბილისელობაზე

მწერალი და პოეტი გიზო ნიშნიანიძე თბილისზე ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით საუბრობდა და ილიას დიდებულ სიტყვას დაიმოწმებდა:

„ტფილისი ჩვენი მშობელი ქალაქია, ყველანი, ვინც აქა ვშობილვართ, აქა ვცხოვრობთ, აქა ვტრიალებთ, რა მილეთისაც გინდა იყოს კაცი, მისი შვილები ვართ და სამსახური უნდა გავუწიოთ ერთნაირის გულისცემითა…“

“არტინფო” გიზიარებთ გიზო ნიშნიანიძის შეფასებებს საქართველოს ულამაზეს და უძველეს დედაქალაქზე:

“თბილისი ქალაქია, სადაც რაც გინახავ იმასაც ნახავ და რაც არ გინახავს, იმასაც!

თბილისი ხელთუქმნელი ძმობის ძეგლია!

ამ ზღაპრულ სამყაროს ღმერთმა არ გამყაროს.

თბილისლობა თბილისლების ძმობის წესია.

მთავარი ქალაქელობა კი არა, მოქალაქეობაა.

ერთ არათბილისელს თბილისური დილის სიფთაზე უთქვამს: ,,როცა თვალებს იფშვნეტავსო მზე, თბილისი მესიზმრებაო, მე.”

თბილისში საკმარისია გულზე ხელის დადება!.. ყველა ხელი გულზე არ დაიდება და თუ დაიდება, ამას გულზე ხელის დაკრეფა ჰქვია. ასეთ კაცს კაცი არ ჰქვია და მას კი არ ტირიან, რადგან სიცოცხლეში გამოიტირიან. ასეთია თბილისური სჯულდება.

თბილისში არ შეიძლება ჩემია-შენია, კუთხურობა, კარჩაკეტილობა, აქ ეროვნული შუღლი (დ)აკრძალულია.

გეოგრაფიული პროვინცია არა, სულგამოცლილი პროვინცია უქადის საფრთხეს თბილისის ტრადიციულ ღირებულებებს.

ქალაქს რა, ცოტა ჰყავს თავისი სულით პროვინციელი? შეხედავ და იფიქრებ: ამ კაცს, ალბათ თბილისში ჩამოუტანეს სოფელი და იქ დაიბადაო.

შეიძლება კაცი თბილისში ცხოვრობდეს და ტფილისელი არ იყოსო და ისიც შეიძლება, სხვაგან იყოს და თბილისელი ერქვას.

თბილისელობა დიდი ტვირთია და ქართველობა კიდევ უფრო მეტი, რამეთუ საქართველოში მხართეძოზე წამოსაწოლი ადგილი არ არის.

თბილისში ისეთი გათენება იცის, იფიქრებ ამ დილას დაღამება არ უწერიაო.

მთავარი კაცია და არა ნაცია.

შე ძველოო რომ იტყვიან, ძველით ახალს აქებენ.

მარცხენაში ფიალით მარჯვენაში მახვილით, ახლაც მესმის კალას მხრიდან ქართვლის დედის ძახილი: ,,…თბილისურად წრთობა, თბილისურად ცნობა!”

თბილისელი ქურთების ანდაზა: “როცა თბილისს ვიხსენებ, მტკვარიც ჩერდებაო.”

ვისაც ,,ვერარეჩკის“ წყალი გადასხმია, უნდა იცოდეს! – ვერე დიდგორის მთიდან მოდის და მტკვარს უერთდება შუა თბილისში. თბილისისათვის კი რაა დიდგორი, თუ ეს არ იცი, თბილისელიც არ ყოფილხარ. მტკვართან მისი შეერთების ადგილას კი კაკულას ბაღი მგდარა. ცუდი კაცის სახელს ბაღს არ დაარქმევენ, შეიწყალოს!

მოდი, სახლში შემოსაშვებ და ცოცხლად გასაშვებ კაცს გაუმარჯოს!

ერთმა არაქალაქელმა თბილისის სადღეგრძელო ასე დალია, მოდი, ჩვენ თავშესაფარს გაუმარჯოსო. გააჩერეს: შენ თბილისის სადღეგრძელოს სვამ, თუ ზონტიკის შეჩემა?!

არაქალაქელი იტყვის, რქებით მივაწვეთო, ვისაც რქები არა გვაქვს?

მამაჩვენს გაუმარჯოს, ვითომ გაბრაზებულს, პირველი ბრალდების წამყენებელს; პირველ სიმწარეს გაუმარჯოს, ცხოვრებაში დედამ რომ ჩამოგვსვა კალთიდან!”