19 სექტემბერი, 2021

სიმართლე იაკობ გოგებაშვილის საფლავზე

“დედა ენის” ავტორის იაკობ გოგებაშვილის საფლავთან დაკავშირებით სიმართლეს გვიზიარებს დავით ბრაგვაძე:

“ყველა აგვაღელვა იაკობ გოგებაშვილის საფლავის ამბავმა. განსაკუთრებით ბევრი ინტერპრეტაცია გამოიწვია სიტყვამ “გაიბნა”. რას ნიშნავს ეს “გაიბნა”, ან თუ გაიბნა მერე თუ შეგროვდა?

ერთი რაც აშკარად ირკვეოდა ისაა რომ ამ “გაბნევის” ამბავიც დაიმალა და მერე რა მოხდა იმისიც.

მოდი, მოგიყვებით, რა მოხდა სინამდვილეში.

რიგი მიზეზების გამო, იაკობ გოგებაშვილის საფლავის მონუმენტი არ დგას საფლავზე, ის 90-იანი წლების დასაწყისშია ოდნავ გადაადგილებული.

ვინც მთაწმინდის პანთეონში ნამყოფი ხართ, გემახსოვრებათ რომ მის გვერდით მერაბ კოსტავაა დამარხული. რომ წარმოიდგინოთ, იაკობ გოგებაშვილის საფლავი არის იაკობ გოგებაშვილის საფლავის მონუმენტსა და მერაბ კოსტავას საფლავის მონუმენტს შორის…

მონუმენტი რომ უშუალოდ საფლავზე არ დგას არ იყო საიდუმლო ინფორმაცია. ბევრისთვის იყო ცნობილი. თუმცა არ იყო ცნობილი მერიის იმ სამსახურისთვის, რომელიც დრენაჟს აკეთებდა. იფიქრეს ბიჭებმა საფლავი მონუმენტის ქვეშ იქნებაო და მის გვერდით დაიწყეს არხის გაჭრა. იქიდან გამომდინარე, რომ საფლავი მონუმენტის გვერდითაა, გაჭრილი არხი დააჯდა საფლავს და გოგებაშვილის ნეშტი “გაიბნა”.

ამის შემდეგ საქმეში ჩაერთო კვალიფიციური ხალხი, რომელთა ნაწილი ამ ამბის დამალვის წინააღმდეგი იყო, თუმცა არ მოუსმინეს. კვალიფიციური ადამიანების მიერ მოხდა გოგებაშვილის 206-ვე ძვლის შეკრება, სპეციალურ ყუთში ჩასვენება და იმავე ადგილას დაკრძალვა, სადაც დრენაჟის გაყვანამდე იყო დაკრძალული. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩატარდა რელიგიური მსახურებაც.

ეს ყველაფერი ხდებოდა დღისით, მზისით და შეესწრო რამდენიმე ტურისტიც, რომლებიც ცხადია აზრზე ვერ მოვიდნენ რა ხდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ გოგებაშვილის ნეშტი დაკარგული არ არის და ამაზე სანერვიულო არ გვაქვს, პრობლემება მაინც რჩება პრობლემად.

ძალიან ხშირი მოვლენაა, რომ საფლავის ქვები არ დგას უშუალოდ საფლავებზე. თუნდაც უბრალო სასაფლაოებზე და არა მთლად პანთეონებში. გოგებაშვილის საფლავი არაა ამ პანთეონში ერთადერთი, რომლის მონუმენტი საფლავის თავზე არ დგას.

აქედან გამომდინარე, მერიის შესაბამის სამსახურს აუცილებლად უნდა გაერკვია ასეთი დეტალები მსგავსი სპეციფიკის ადგილზე მუშაობის დაწყების წინ. მითუმეტეს ისეთ ადგილზე, სადაც ჩვენი ქვეყნის ყველაზე სახელოვანი შვილები განისვენებენ.

ჩემი აზრით, ასეთი შეცდომის დაშვების შემდეგაც არ იყო აუცილებელი ამ ყველაფრის დამალვა და ჯობდა გვცოდნოდა რა, როგორ და რატომ მოხდა.

სამწუხაროდ, ვერ ვასახელებ იმ სპეციალისტების ვინაობას, ვინც გოგებაშვილის ძვლები შეკრიბა და თავის ადგილზე დააბრუნა.

არ ვიცი რამდენად არსებობს ჩემთვის ცნობილი უტყუარი ინფორმაციის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალები. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ამ ინფორმაციის ნამდვილობის დადასტურება ძალიან ადვილია საფლავის ხელახალი გახსნით, სადაც ახალი ჩასასვენებელი და დიდი ქართველი მოღვაწის ყველა ძვალი დაგხვდებათ.

თუმცა მისი ნეშტის მესამედ შეწუხება საჭირო ალბათ არ არის. შეგახსენებთ, რომ გოგებაშვილი თავდაპირველად დიდუბის პანთეონში დაკრძალეს და როგორც აღმოჩნდა, მინიმუმ ორჯერაა დაკრძალული მთაწმინდაზე.”