17 სექტემბერი, 2021

სესილია თაყაიშვილის ორიგინალური ისტორია

სესილია თაყაიშვილი ყოველთვის განებივრებული იყო ათასობით ადამიანის სიყვარულით. მის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა შორის დირიჟორი დიდიმ მირცხულავაც გახლდათ. ისინი ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობდნენ.

ყოველთვის, როცა სესილია თაყაიშვილის სახლს ჩაუვლიდა, მაესტრო მსახიობის ღია ფანჯარაში იებს ყრიდა.

სესილია თაყაიშვილი გაბრაზდა, დირიჟორის ცოლს დაურეკა და უთხრა:

– ნატა, გადაეცით თქვენს მეუღლეს, თავი დაანებოს ჩემს ფანჯარაში იების შემოყრას. ამდენი ნაგვის ხვეტით დავიღალე.

დიდიმ მირცხულავამ მსახიობის თხოვნა შეასრულა…

ერთი კვირის შემდეგ, დირიჟორის სახლში კვლავ გაისმა ტელეფონის ხმა. სესილია თაყაიშვილი რეკავდა:

– ნატა, დიდიმს გადაეცით, იები ფანჯრიდან ისევ შემომიყაროს, თორემ თავს მოხუცად ვგრძნობ.