25 სექტემბერი, 2021

ნიკოლოზ ბარათაშვილის “მერანის” გენიალური განმარტება

ფილოლოგი გია მურღულია რომანტიკოსი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსს “მერანი” გენიალურად განმარტავს:

“მ ე რ ა ნ ი“

რა არის მერანი და რატომ ან საით უნდა მიგვაფრენდეს „უგზო-უკვლოდ“?

ის რომ სიმბოლური სახეა, ნათელია, მაგრამ რას გამოხატავს?

თუ ადამიანის ფიქრი საზრისამდე მიდის, ყოველთვის ეჩვენება, რომ მართალია. ახლა მეც ვფიქრობ, რომ მერანი ჩემ გარეთაც იბადება და ჩემშიც. ეს დაბადება არ არის ერთჯერადი აქტი – „მოხდა და დამთავრდა“. ის ყოველ ჩვენგანში მუდმივად ხორციელდება. არც დასრულდება, სანამ მთავარ ჭეშმარიტებას არ შევიტყობთ.

ღმერთი არის „ანი“ და „ჰოე“ ანუ სამყაროს არსებობის დასაწყისი და დასასრულიც. იყო დრო, როდესაც სამყარო არ არსებობდა. მაშინ მხოლოდ ღმერთი იყო. დადგება დრო, როდესაც სამყარო აღარ იარსებებს. მაშინაც მხოლოდ ღმერთი იქნება.

ღმერთი ქმნის სამყაროს და მუდმივად „ეძახის“, მოუწოდებს თავისკენ. აქ ერთდება ორი დიადი მოვლენა – ღმერთის თვითშემეცნება და ადამიანის თვითშემეცნება. ეს არის ისტორიის საზრისიც და სამყაროს შექმნისა და არსებობის მიზანიც. სამყაროს სწრაფვა ღმერთისკენ არის განვითარებისა და თვითსრულყოფის გზა. „იყუენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცათაი სრულ არს“, – გვეუბნება მაცხოვარი (მათე – 5,48) და ამით გვამცნობს, რომ ცხოვრების აზრი ღმერთსმიმსგავსებულობის ძიება და პოვნაა.

ბიბლიური თვალთახედვით, სამყაროს განვითარება არ არის სფეროს („კოსმოსის“) ჭვრეტა და მის შიგნით მოქმედება, როგორც ამას ანტიკური დრო მოიაზრებდა. ის უფრო მდინარეს ჰგავს – ერთი მიზნისკენ მოძრავ მდინარეს. ამ მდინარეში ყველა და ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება. მათ საერთ მიზანი აერთიანებთ. ამგვარ ხედვას, „კოსმოსის“ სანაცვლოდ, „ოლამი“ (ყ,ოლამი) ჰქვია.

ყოველ ადამიანს თავისი წილი გზა აქვს გასავლელი ოლამში – ეს არის მისი ამქვეყნიური მისია. მის ცხოვრებას აზრი ენიჭება ან ერთმევა მხოლოდ იმის შესაბამისად, გაივლის თუ არა საკუთარ გზას.

მე ვფიქრობ, მერანი – ეს ღვთის ძახილია კაცში, რომელიც მას საკუთარი მისიის აღსრულებისკენ მოუწოდებს. ამ მოწოდების დაბადების წამიდანვე ის ადამიანის შინაგან მოწოდებადაც იქცევა. ამ დროს ღვთისა და კაცის თავისუფალი ნება ერთდება და იბადება შესაქმის მისტიკური ჰარმონია.

როგორც მერანია ჩემში, ასევე არის ყორანიც, რომელიც ეშმაური დაბრკოლებაა ადამიანის განვითარებისა და ღმერთსმიმსგავსებულობის გზაზე. ორივე ჩემს ბუნებაშია. პირველი ჩემი ნამდვილი დანიშნულების გამომხატველია, მეორე – ამ დანიშნულების უარმყოფელი და დამკარგავი. მერნისა და ყორნის შერკინება ჩემი შინაისტორიაა.

„მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ…“ – დიახ, ადამიანის გზა არც მხოლოდ დროა და არც მხოლოდ სივრცე. ის დრო-სივრცეა (ანუ „ოლამი“), რომელში სრბოლისას კაცმა უნდა დაძლიოს თავისი შემოსაზღვრულობა დროითაც (მე არ შემიძლია ვიყო სხვადასხვა დროში) და სივრცითაც (მე არ შემიძლია ერთდროულად სხვადასხვა სივრცეში ყოფნა). თუ ახლა სამის ნახევარია, ჩემთვის „უგზო-უკვლობაა“ თუნდაც მომდევნო წამი, წუთი თუ საათი. არ ვიცი, იქ რა არის ან რა მელის. მე მივისწრაფვი მომდევნო წამისკენ და ეს სწრაფვა სავსეა ძიებითა და სრულყოფის სურვილით. სწორედ ამიტომ „მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი“ – მას არ სურს, რომ მე შემოქმედს მივემსგავსო. ის არც იმას მეტყვის, რომ მის გამომგზავნს ვგავდე – ამდენად კარგად კი მიცნობს! ის მომანდომებს, რომ მე ვიყო „მე“ და სხვა არავინ. ის მეტყვის, რომ ღმერთს კი არ მივემსგავსო, არამედ მას გავუტოლდე! ის ამპარტავნების პირველ წვეთს ჩამაწვეთებს და მომიწოდებს „ვიყო ღმერთებივით“. ძალიან ძნელი იქნება ჩემთვის მერნის მოწოდებას დავუგდო ყური და არა ყორნისას, თუმცა ის, ვინც მერანს მიგზავნის სულში, ყოველთვის მიჩვენებს მართებულ გზას. ჩემი არჩევანი იქნება ის გზა, რომელსაც დავადგები.

მერნის ჭენებას „არ აქვს სამძღვარი“ – ადამიანის განვითარება უკიდეგანოა სულ ბოლო წამამდე. ამ სწრაფვისას, რომელიც ძალმოსილიც არის და მშვენიერიც, კაცმა თავისივე „შავად მღელვარი ფიქრი“ ანუ ყორნის მოწოდება-ჩხავილი უნდა დაძლიოს. ამ გზაზე არ არსებობს ალტერნატივა – ის ერთადერთი გზაა და მასთან შედარებით ყველაფერი არარაობაა. მისი საზრისის გარეშე ყოველგვარ შინაარსს კარგავს ისეთი ცნებები, როგორებიცაა: სამშობლო, სატრფო, დედა-მამა, და-ძმა თუ ახლობლები.

მე უნდა გავიარო ჩემი გზა „ოლამში“. რა მოხდება, თუ ამას არ გავაკეთებ? შესაძლოა მცირედ, მაგრამ მაინც ჩემი მიზეზით შეფერხდება სამყაროს დიადი მდინარება ღმერთისკენ და მე კოსმიურ არარაობად და სოციალურ ნულად გადავიქცევი (როგორც ეს ლუარსაბ თათქარიძემ „მოახერხა“). ადამიანის განღმრთობის (ფერისცვალების) დიდებული იდეა ასეთ შემთხვევაში მიუღწეველი და განუხორციელებელი დარჩება. ჩემი წილი გზის გავლა მაშინ „შემდგომსა ჩემსა“ მოუწევს და მე დამნაშავე ვიქნები ცისა და მის წინაშე.

ადამიანებს, ჩვენ ყველას, მერნის ვალი გვაქვს. ეს სასიამოვნო ვალია, რადგან საკუთარი თავის ვალადაც უნდა მივიჩნიოთ. სწორედ ის ასხამს ფრთებს ჩვენს სულს – მას მივყავართ კოსმიური სამშობლოსკენ, სადაც საბოლოოდ გავიგებთ, ვინ არის მართალი – მერანი თუ ყორანი.”