16 სექტემბერი, 2021

ნანა ზარდიაშვილის უკარგესი წერილი სამშობლოზე

ჟურნალისტი ნანა ზარდიაშვილი სამშობლოზე – ადამიანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფასეულობაზე წერს:

“ჩემმა ერთმა მეგობარმა სწორედ შენიშნა – სიტყვა “სამშობლო” ამოღებულია თანამედროვე პოლიტიკოსების მეტყველებიდანო. გუშინ “ბესებს” ვკითხულობდი, იქ არის ასეთი პასაჟი, “პროგრესულები” რომელიღაც შეხვედრაზე თანხმდებიან, რომ ცნება ოტეჩესტვო სასაცილო და დრომოჭმულია. ნუ, ღმერთი და ქრისტიანობა, რაღა თქმა უნდა.

არადა, როგორ სჭირდება ადამიანს სამშობლო, თუნდაც თავისი იგივეობის, რაობის ჩამოსაყალიბლებლად. ერთ მუსლიმ მესხს ვიღებდი, რომელიც თავისი ინიციატივით, მარტო ჩამოვიდა საქართველოში და მაგარ დევნას და დამცირებას გაუძლო ჩვენგან. ჰოდა, აი ეს კაცი ყვებოდა, შვილები გამიჩნდა და მივხვდი, რომ არ ვიცი, სადაური ზღაპრები და მითები მოვუყვე, რომელ გმირებზე ველაპარაკო და გადავწყვიტე, რომ ბავშვებს სამშობლო უნდა დავუბრუნოო, იმიტომ რომ უსაძირკვლოდ მრჩებოდნენო, ორიენტირების გარეშეო. ქართველი მუსულმანი, მესხი, უბრალო კაცი – რა მაგარი რაღაც თქვა.

ვინ არიან ეს “პროგრესულები”, რა სჭირთ, რატომ ეზიზღებათ თავისი ბავშვობა, ენა, რომელზეც ალაპარაკდნენ, არ მესმის. სულ უფრო და უფრო ვიხრები იმისკენ, რომ ფსიქოანალუტიკური ახსნა აქ არ გამოგვადგება, ეს დაბადებამდელი არჩევანია და რაღაცნაირი სისტემური ერორი.”