5 სექტემბერი, 2021

ნამდვილი გენიოსი – კონსტანტინე გამსახურდია

კლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას გენიოსობაზე არავინ დავობს – მისი შემოქმედება ამის ნათელი მაგალითია.

“არტ ინფო” გთავაზობთ ამონარიდს მწერლის რომანიდან “დიონისოს ღიმილი”:

“- წარმართებისა და ბარბაროსების სახელით, არა? – მეუბნება სარკასტიული ღიმილით.
– თქვენ ჯერ პირი გამოირეცხეთ, ვიდრე ჯვარით მოქადულ ქართველ ხალხს ახსენდებდეთ. როცა თქვენ ტიბრის ნაპირებზე შიშისაგან ჰკანკალებდით, ჩვენ მცირე აზიაში ვებრძოდით მუსულმანებს და ბაგრატიონების გაშლილი დროშები შეგვქონდა იერუსალიმში.
გამომძიებელი წამოდგა.
– არც ჩვენ ვყოფილვართ ლაჩრები.
– თქვენ ამ დროს თქვენი წმინდანების ძვლებით ვაჭრობდოთ.
გამომძიებელი გაფითრდა.
– როგორ თუ ძვლებით?
– მარტო რომმა გაჰყიდა აღმოსავლეთში ორასი ათასი წმინდანის ძვალი…
– ორასი ათასი?
გამომძიებელი გაჩუმდა.
– ჩვენ წელში გაგვწყვიტა ქრისტეს ჯვრის ზიდვამ. ნახეთ საქართველოს აღმოსავლეთი და სამხრეთი-ნასახლარები და ტაძრების ნანგრევები დარჩა მხოლოდ! მიტომაც დიდხანს ვეღარ ვძლებ საქართველოში.
ჩვენ გეძახოდით, შველასა გთხოვდით… თქვენი პაპები და მეფეები ფარისევლური ეპისტოლეებით გვანუგეშებდნენ… ჩვენ წელში გაგვწყვიტეს… ხომ დაწერილია: “და სეტყვა დიდი, ვითარცა ტალანტი, მოვიდა ზეცით კაცთა ზედა და ჰგმეს კაცთა ღმერთი წყლულებისგან მისგან სეტყვისა, რამეთუ დიდ იყო წყლულება იგი ფრიად. ეს არ გაგიგონიათ?
გამომძიებელი თავს აქნევს:
– ასეთი რამ არ გამიგონია.
– თქვენ, ევროპელები, კიდევ ბევრ რამეს გაიგონებთ ჩემგან.
გამომძიებელი სდუმს.
– ქრისტეს ჯვარს შეეწირა დიდი საქართველო; მე იმ საქართველოზე ოცნებამ მომიშხამა საწუთროება. ასე გამწარდა ჩემი ახალგაზრდობა. აღარ მწამს ამქვეყნად აღარც ღმერთი, აღარც ისტორიის სამართალი…”