2 სექტემბერი, 2021

გურამ დოჩანაშვილის და ოტია იოსელიანის მხიარული ისტორია

მწერლები გურად დოჩანაშვილი და ოტია იოსელიანი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს და სხვადასხვა საინტერესო თემებზე საუბრობდნენ.

ერთ-ერთ ასეთ შეხვედრას გურამ დოჩანაშვილი სიცილით იხსენებდა:

“ოტიასთან გვიშტიბში ჩავედი. ვსხედვართ, ვსაუბრობთ. უცებ ოტია წამოდგა. ეზოში გავიდა. იქვე მიყუდებულ ნაჯახს ხელი წამოავლო და წამოიძახა:

– ერთი მეზობელი მყავს, საშინლად იქცევა, რა არ ვუთხარი, რანაირად არ ვეხვეწე, მაინც არ იშლის უწესობას. ახლა მივადგები და ამ ნაჯახით გავუსწორდები, – თქვა ეს და ეზოს ბოლოსკენ გაემართა.

უკან გავეკიდე შეშფოთებული, ვიცი მისი უცნაური ხასიათის ამბავი, მეშინია, ცოდვა არ დაატრიალოს. ვის აღარ ვაფიცებ – შვილებს, შვილიშვილებს, რომ გადავათქმევინო განზრახული ჩანაფიქრი. ვთხოვ, მე მაპატიე მისი ავკაცობა-მეთქი.

არაფერმა გაჭრა, მივდივართ ხეივანში ასე, ჯაჯგურ-ჯაჯგურით. ბოლოს ღობის ძირას მდგარ ალუბალს მივადექით. მოუღერა ოტიამ ხეს ნაჯახი და ეუბნება:

– დღეს ამ პატიოსან კაცს უმადლოდე შენს გადარჩენას, მაგრამ იცოდე, გაისადაც თუ არ მოისხამ, ვერაფერი გიშველის.”