2 სექტემბერი, 2021

გენიოსი გრიგოლ ფერაძე

ისტორიკოსი და თეოლოგი გრიგოლ ფერაძე თავისი ცხოვრების მაგალითით ნამდვილი გმირია. წმინდანად შერაცხული მამაო ხშირად იფარებდა ფაშისტებისგან დევნილ ებრაელებს და საკუთარ ლუკმა-პურს უყოფდა. ამის გამო, გრიგოლ ფერაძე დაიჭირეს, ციხეში ჩასვეს და ოსვენციმის ბანაკში გადაიყვანეს.

როგორც მასთან ერთად მყოფი პატიმრები იგონებენ, მამა გრიგოლთან ერთად ბანაკში ერთი მრავალშვილიანი ებრაელი ყოფილა. ფაშისტებმა მისი გაზის კამერაში გაგუდვა გადაწყვიტეს. მამა გრიგოლს შეებრალა ეს კაცი და გაზის კამერაში მის მაგივრად შევიდა.

“არტ ინფო” გთავაზობთ წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ქადაგებას, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ცხოვრების მთავარ იდეად უნდა იქცეს:

“როდესაც ეკლესია ლოცულობს, ან ლაპარაკობს სამშობლოზე, ის არ გულისხმობს, პირველ რიგში, ტაძრებს, საქართველოს მზეს, მთებს და ველებს, არამედ ადამიანს და მის კეთილდღეობას, რომელიც გრძნობს წინაპართა ანდერძს და ეკლესია უდგას გვერდით ამ ადამიანს და ეხმარება ანდერძის აღსრულებაში.

ეს ანდერძია: ძიება ღვთისა და ძიება სასუფევლისა, ძიება ღვთის სიმართლისა ამ ქვეყანაზე – ბრძოლა უფლებისათვის, თავისუფლებისათვის და განვითარებისათვის. ამ ანდერძით ჩვენ არ ვართ შეზღუდულნი ჩვენი სამშობლოთი.

მიზანი მოქალაქის ცხოვრებისა უნდა იყოს ღმერთი. თუ ადამიანის, ან ერის ლოცვის პირველი სიტყვა სხვა რამეა და არა ღმერთი, გინდაც ეს სიტყვა იყოს ისეთი, როგორიცაა სამშობლო, პატრიოტიზმი, ბრძოლა და შრომა თავისუფლებისათვის და ეკონომიკური განვითარებისათვის, მაშინ ეს სიტყვა იქნება უკმარისი.

ადამიანმა თავისი ცხოვრება უნდა ჩააყენოს დიდ კონცეფციებში, ე.ი მოქმედება და ცხოვრება უნდა დაუმორჩილოს ისეთ დიდ რამეს, რომლის მადლსა და ძლიერებას არავითარი საზღვარი არა აქვს, რომლის ცა მთელს მსოფლიოს ფარავს, რომელიც ადამიანის ყოველ მიზანსა და მისწრაფებას, რაგინდ ლოკალური იყოს იგი და შემოზღუდული, უნივერსალურსა და წარუვალ მნიშვნელობას აძლევს…

…ჩვენ ყველამ ვიცით ცხოვრებიდან, რომ რომელიმე ადამიანნი, რომელთაც რაღაცის გაკეთება სურთ, ან რამე მიზანს ისახავენ, ან რაიმე მოვლენა ცხოვრებაში მათ არ აინტერესებთ და სურთ რომ ეს მოისპოს, აარსებენ ერთგვარ საზოგადოებას, რომელსაც ისინი პარტიას, ან კავშირს უწოდებენ. იქმნება პროგრამა მათი მოქმედების, მაგრამ თვით ამ პროგრამის შედგენის წინ ისინი ითვალისწინებენ ჯერ მას, რაც უკვე აქვთ ე.ი. ცხოვრებაში კი არაა განხორციელებული, არამედ მათ წევრთა უმრავლესობას ესმის – მათ მიერ მისაღებია და ზოგადია.
მათ შორის და ჩვენც ჩვენი საქმის წინ უნდა გავითვალისწინოთ ჯერ ის, რაც გვაქვს – რაც ზოგადია ყოველი ჩვენში, ეს არაა პროგრამა და სტატუსები ჩვენი მრევლის, ესენი შეიცავენ ჩვენი მრევლის ფინანსიურ ან ადმინისტრატიულ მხარეს;

ჩვენ შიგ ეკლესიაში გვჭირდებიან სულ სხვა სტატუსები – რელიგიური ცხოვრების სტატუსები, მისწრაფებანი ჩვენი როგორც ქრისტიანების, როგორც მორწმუნე და მლოცველ ერის. ჩვენი მიზანია ვთხოვოთ დღეს უფალს, შეგვაგნებინოს ჩვენ დღეს ეს ზოგადი რელიგიური საუნჯე, ის რაც ჰკვებას და ასაზრდოვებს ამ ვენახს, ის რელიგიური განძი, რომელიც კიდევ არსებობს ჩვენში – თვითეულ ჩვენთაგანში; შეგვაგნებინოს ჩვენ მან ეს მკაფიოდ და ნათელ სიტყვებით, რომ ამაზედ შეგვეძლოს ჩვენ შენება და წარმატება…”