29 სექტემბერი, 2021

გელა ჩარკვიანი ქართველების გადაგვარებაზე

მწერალი გელა ჩარკვიანი ბოლო პერიოდში ქართველებში გაჩენილ გადაგვარების შიშზე წერს:

“ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს, ასე ვიტყოდი, რეალობის ესქატოლოგიური ხედვა აქვს. ასეთივეა გამოხატვის საშუალებათა სტილისტიკა.

გამუდმებით გესმის „დაიღუპა საქართველო!“, „განადგურდა ეროვნული განათლების სისტემა და კულტურა!“, „გადაგვარდა ერი!“ „გვეშველებააა?“ იშვიათად გაიგონებ დინჯ, არა-შავ-თეთრ განსჯას, ნიუანსებზე ყურადღების გამახვილებას, კარგთან ერთად, ცუდის დანახვას და პირიქით. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, საიდან ჩნდება გადაგვარების შიში. თუ ვინმე დამისახელებს სახელმწიფოებრიობის მქონე ერს, რომელიც უახლეს ისტორიაში გადაგვარდა, მადლობელი დავრჩები.

ვინაა გადაგვარებული – დანიელი, ჰოლანდიელი თუ შვედი? ქართული ენა, რომელიც ჩვენი ერის იდენტურობის ყველაზე ცენტრალური და უნიკალური ატრიბუტია, ჩემი თაობის ცხოვრების მანძილზე, ასე ფართოდ არასდროს გამოიყენებოდა. ასე სხაპასხუპით ქართულად არც პოლიტიკოსებს და არც რიგით ადამიანებს საჯაროდ არასდროს უსაუბრიათ და არც როდისმე უწერიათ ამდენი სოციალური ქსელების გაჩენამდე.

ჩვენ მაშინაც არ გადავგვარდით, როცა რესპუბლიკა რუსულად იმართებოდა – მისი მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო, კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიურო, მთლიანად რუსულ ენაზე ფუნქციონირებდა (არქივში ოქმები შენახული იქნება). არ მითხრათ, რომ დღევანდელი ჩვენი პარლამენტი ან მთავრობა ინგლისურად მუშაობს ან ოდესმე იმუშავებს. ამას თავადაც არ დაიჯერებთ და ვფიქრობ, არც იმას დაიჯერებთ, რომ ასი წლის შემდეგ ქართველი მწვადსა და ხინკალს უარს ეტყვის.”