5 აგვისტო, 2021

უნიკალური გამოცემები დადიანების სასახლის ბიბლიოთეკაში

დადიანების სასახლის ბიბლიოთეკაში უნიკალური წიგნების კოლექციაა გაერთიანებული.

მათ შესახებ ისტორიკოსი გიორგი კალანდია გვიამბობს:

“ნურავინ ნუ მიწყენს, მაგრამ ვიტყვი, რომ დადიანების სასახლის ბიბლიოთეკის მსგავსი კოლექცია საქართველოში არავის გააჩნია. აქაური უნიკალური გამოცემები მსოფლიოს ნებისმიერ სიძველეთასაცავს დაამშვენებდა.

ამ ბიბლიოთეკის შემადგენელი ნაწილია დადიანების მიერ შეგროვილი მენიუების, პროგრამების და მოსაწვევების წარმოუდგენლად მდიდარი კოლექცია! საოცარია, მაგრამ ეს ყველაფერი არასოდეს არ გამოფენილა, დღის სინათლე არასოდეს უნახავს. გამოფენა კი არა, იყო დრო, ეს ექსპონატები განადგურების საფრთხის წინაშე იდგა, დღეს ეს საშიშროება აღარ არსებობს – ბიბლიოთეკა ფონდი “ქართუს” მიერ რესტავრირებულ უფლისწულ ნიკოს სასახლეშია გადატანილი.

სულ მალე კი, ყველაფერი ეს გამოიფინება, დიახ, დიახ, დადიანების სასახლეში მისი არსებობის ისტორიაში პირველად სამკითხველო დარბაზი და ბიბლიოთეკა გაიხსნება. ამ საქმეში პირადად ქალბატონი მინისტრის მხარდაჭერა და თანადგომა მივიღეთ, მე და დავით ოკუჯავა კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დადიანების ბიბლიოთეკა და სამკითხველო დარბაზი საქართველოში საუკეთესო იყოს.”