22 აგვისტო, 2021

თეონა ქუმსიაშვილი – გაუხარელი მომღერალი

მომღერალი თეონა ქუმსიაშვილი ნამდვილად განუმეორებელი იყო თავისი შესრულების მანერით და გულიდან ნამღერი თითოეული ბგერით.

2010 წლის 22 ივლისს, სოფელ მუცოში მთიელთა უძველესი დღესასწაულიდან – ათენგენობიდან მომავალი ავტომობილი, რომელშიც იჯდა თეონა ქუმსიაშვილი 2 მცირეწლოვან ვაჟთან – დემეტრესთან და ჯარჯისთან, ასევე დასთან და კიდევ 3 ადამიანთან ერთად, ავტოკატასტროფაში მოჰყვა. ავტომობილი მდინარე არღუნის ხეობაში გადაიჩეხა. კატასტროფის შედეგად დაიღუპა თეონა ქუმსიაშვილი თავის ორ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად. კატასტროფის შედეგად დაიღუპა თეონას დაც. ერთმა საბედისწერო დღემ 26 წლის მომღერლის ცხოვრება ტრაგიკულად დაასრულა.

გურო დავითლიძე:

“იშვიათად მინახავს ადამიანი, მთა უყვარდეს და თეონას შემოქმედება – არა. ანდაც თეონას სიმღერებს ეტრფოდეს და მთის ბილიკებს არ იყოს შეჩვეული. რაღაც ისეთი ამბავია, თითქოს ეს ასე უნდა იყოს, თითქოს ამას ვერ აცდები და ვერ შეცვლი.

მთელი დღეა თეონას სიმღერებს ვუსმენ და მისი მოსმენისას, ყველაზე მეტად რაც მინდება, ხეობებში ჩაკარგვა და მთის ბილიკების დაუღალავი თელვაა. სხვა არაფერი გინდება როცა მას უსმენ, სხვა ვერაფერი მოგინდება.

საბედნიეროდ, დღეისობით, არ ვუჩივით იმ ადამიანთა რიცხვს, რომელთა ფოლკლორული კომპოზიციები, დატვირთული და ბოლომდე სავსეა მუსიკისა და მთის სინთეზური სიყვარულით. თუმცა, ხალხური სიმღერების შემსრულებელთა ლოკომოტივად, ის ახალგაზრდა გოგონა მიმაჩნია, რომელიც ვერასდროს დაბერდება და რომლის შემოქმედებასაც კიდევ დიდხანს აამღერებენ სიხარულით სხვადასხვა მომღერლები თუ ანსამბლები.

“იორზე ნამღერი”, “დილაო ავდრიანაო”, “ინათებს”, “ხმა უცნაური” და კიდევ რამდენი ჩამოვთვალო, რამდენს გავწვდები… ეს იმ სიმღერათა მცირე ჩამონათვალია, რომელთა მოსმენა, რამდენადაც დიდი სიამოვნება, იმდენად რთულიც გახლავთ, რადგან ჰანგები, რომელიც მეტად გამორჩეულია ქართულ ფოლკლორში, წარსულთან გასაუბრებს და შენში მიძინებულ ჩუმ განცდებსა თუ ემოციებს პერიოდულად აღვიძებს. ასე ბევრს არ შეუძლია ადამიანის სულში იძრომიალოს საკუთარი შემოქმედებით. ამას სხვანაირი ხელოვანები ახერხებენ – სიყვარულით სავსე გულის მქონე ხელოვანები.

ჰო, შეუძლებელია მთა გიყვარდეს და თეონას შემოქმედებას არ იცნობდე.”