8 აგვისტო, 2021

თამაზ ჭილაძე აგვისტოს ომზე

მწერალი თამაზ ჭილაძე 2008 წლის აგვისტოს ომზე მოკლე, მაგრამ უმნიშვნელოვანეს ჩანაწერში “სახაროვის ბომბები” მთავარ სათქმელს გვეუბნება:

“ნუთუ რუსი ინტელიგენტები ვერ ხვდებიან, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ქვის ცულის დროინდელი აზროვნების დამკვიდრება სამარცხვინო ფაქტია, რაც ისევ საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული. ამავე დროს, ნამდვილად სამარცხვინოა, თუ დანაშაული არა, ვინმეს, მით უმეტეს, ინტელიგენტს სამართლიანად მიაჩნდეს მცირერიცხოვანი უძველესი ერის დასჯა – განადგურება მხოლოდ იმიტომ, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება სურს იმ მიწაზე, რომელზედაც მის მამა-პაპას უცხოვრია.

ვერ დავიჯერებ, რომ ჩვენს კოლეგებს – რუს მწერლებს, მათ საუკეთესო წარმომადგენლებს, ბორის პასტერნაკის მემკვიდრეებს, გუშინ სიყვარულსა და მეგობრობას რომ გვეფიცებოდნენ, აგრესორისა და ოკუპანტის სახელები სიამოვნებდეთ. ნუთუ მათ თავისუფალი საქართველო კი არა, რუსეთის ერთ-ერთი კოლონია უყვარდათ? ნუთუ არ იციან, რომ გაგრისა და ბიჭვინთის პლაჟებს, სადაც ისინი სეზონის მიხედვით ნებივრობდნენ, ჯერ კიდევ ატყვია ამ მიწის აბორიგენი ქართველების სისხლი? ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ თავიანთი კონფორმისტული სილაჩრითა და სიბრმავით, უპირველეს ყოვლისა, თავიანთ ხალხსა და კულტურას შეურაცხყოფენ!..”