3 აგვისტო, 2021

რა ელის ანჩისხატს?

მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი – ანჩისხატი წლებია ხელოვნების მუზეუმშია დაცული და მის ტაძარში გადატანეს საზოგადოების ნაწილი დიდი ხანია ითხოვს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე წერილობით მიმართავს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს, რათა ანჩისხატი მუზეუმიდან ტაძარში გადაბრძანდეს:

“საქართველოში, ღვთის განგებით ჩამობრძანდა ქრისტიანული სამყაროს გამორჩეული სიწმინდე, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ანჩისხატად “პირი ღვთისად” წოდებული, რომელიც ამჟამად ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

ჩვენ დიდი ხანია ხელისუფლების წინაშე ვაყენებთ საკითხს ეკლესიისთვის მისი გადმოცემის თაობაზე: მზაობა ყოველთვის იყო, მაგრამ ითხოვდნენ, რომ სიწმინდის დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის სათანადო პირობები შექმნილიყო.

ანჩისხატის დაბრუნების საინიციატივო ჯგუფმა (ხელმძღვანელი ზაზა ნანობაშვილი) ამ მხრივ დიდი სამუშაოები ჩაატარა, რის შედეგადაც გერმანული კომპანიის მიერ მაღალი ტექნოლოგიებით დამზადდა და ანჩისხატის ტაძარში დამონტაჟდა ხატის ჩასაბრძანებელი კიოტი, ჩატარდა სხვა სამუშაოებიც.

მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ ჩვენი ხალხისთვის ამ უდიდესი სიწმინდის საეკლესიო სივრცეში ყოფნის და მის წინაშე მუდმივი ლოცვის მნიშვნელობა და გადმოსცეთ იგი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ანჩისხატის ტაძარში დასაბრძანებლად.

ვიმედოვნებთ, მის დაცვას ერთობლივად უზრუნველვყოფთ, რაც სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთანამშრომლობის ერთ-ეთრ მაგალითად შეიძლება იქცეს.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ წელს აღვნიშნავთ ამ ტაძრის აგებიდან 1500 წლისთავს და თქვენს მიერ გაცემული ნებართვა ხატის ეკლესიაში განთავსებაზე იქნება საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული უდიდესი საჩუქარი,” – ნათქვამია საქართველოს პატრიარქის განცხადებაში.