25 აგვისტო, 2021

მარო მაყაშვილის გენიალური წერილი

ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის დღიურში არაერთ უნიკალურ ჩანაწერს იპოვნით, თუმცა 1918 წლის 20 მაისით დათარიღებული წერილი, რომელსაც “არტ ინფო” გთავაზობთ, ნამდვილად განსაკუთრებულია:

“ოჰ, მონობა რა ცუდი ყოფილა. შენ გინდა და სხვა გიშლის. რუსეთმა, რაც კი კარგი გვქონდა, ჩვენი კულტურა სულ დასცა და ახალიც არაფერი შემოიტანა ენის გარდა. ამისთანა მფარველი რომ ღმერთს არ გაეჩინა, უფრო კარგი იქნებოდა. ეს მეტად ცუდი იყო გლეხებისთვის, რომლებსაც თავს დაადგნენ და ტყავს აძრობდნენ. ამ რუსობამ გლეხებიც კი ძლიერ გააფუჭა და სინდისი დაუკარგა, ნამუსიც.

ეხლა თავისუფლობა გამოვაცხადეთ, კვლავ დამოუკიდებლები ვართ. ამისდა მიუხედავათ, გლეხი სულით და ხორცით დაეცა, დაავიწყდა რწმენაც და პატიოსნებაც. იმის მაგივრათ, რომ ყველანი ერთად იცავდნენ ამ მონობის განთავისუფლებისგან, აქ გლეხიც გამხეცდა და თავის მოძმე ქართველსავე ჰკლავს. საზღვარი არ არის. ადამიანი დაიღუპა. დაფუჭდა.

აი, რუსობამ რა შედეგი მოუტანა ჩვენ ერს. ნუ თუ დადგება ის დრო, როდესაც ძველებურად აუძგერებს ყველას გულს. ღმერთო, მალე, მალე მოვიდეს ის დღე და ქედ მოხრილნი მარტო შენი მონები ვიყვნეთ.

რა იქნა ჩვენი ძველი განათლება, სწავლა და კულტურა. მანდილი გადააფარა ამას ყველაფერს ოხრათ დარჩენილმა რუსეთმა. ოჰ, როგორ მძულან, მეტადრე ეხლა ამ ომის დროს და მერე: ვიკთხულობ ყაზბეგის წიგნს, სადაც რუსეთის მთავრობის მოქმედებაა! ეგ ერთი ერია, მგონი, ესეთი უღმერთო, უბედური, გაუნათლებელი და ღმერთისაგან დაწყევლილი. ღმერთო, მოგვიმართე ხელი.”