5 აგვისტო, 2021

ლია სალაყაია – მოსიარულე წმინდანი

ლია სალაყაია ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა ერთი წინადადებით დაახასიათა – მოსიარულე წმინდანი.

ის ათეული წლების განმავლობაში ქართული საეკლესიო გალობის მომავალი თაობებისთვის შესწავლას ემსახურა – 40 წელი ქართულ ტრადიციულ გალობას მიუძღვნა.

– ქართული მუსიკალური ენა და ქართული საეკლესიო გალობა კაცობრიობის მუსიკალური კულტურის მწვერვალია. ეს არის ქართული ფენომენი – ეს ლია სალაყაიას სიტყვებია.

ათეული წლების განმავლობაში საქართველოში მოგზაურობდა, ასწავლიდა ქართულ საგალობლებსა და ხალხურ სიმღერებს. იგი გახლდათ პირველი საკვირაო სკოლის დამაარსებელი სიონში. დრო არასდროს ჰქონდა. ყველა დღეს თავის სახელს არქმევდა – დუშეთის სალოტბარო სკოლის დღე, პატიმარი ქალების დღე, სამცხე-ჯავახეთის დღე, სამების სამრევლო სკოლის გოგო-ბიჭების დღე…

ხშირად იხსენებდა, რომ ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, პირველად კუკიაზე წმინდა ნინოს ტაძარში იგალობა. მის გვარში ბაბუა – ლადი სალაყაია – იყო სახალხო მომღერალი, ავტორი მეგრული სიმღერებისა: სისა ტურა; ართი ვარდი გამკოპწილი; ვაი, შური საყვარელი…

გადმოცემით იცოდა, რომ მისი მოსწავლე იყო ნოკო ხურცია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბაბუას 10 წლის ვაჟი გარდაეცვალა, აღარ უმღერია. ამბობდა, ალბათ, ამიტომაც, თავისი თაობის მომღერლებთან შედარებით, მისი სახელი ნაკლებადაა ცნობილიო.

საქართველოს პატრიარქმა ლია სალაყაია საეკლესიო გალობის აღორძინების საქმეში განსაკუთრებული წვლილისთვის წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. მისი ღვაწლი შეუფასებელი და განუზომელია ქართული გალობის აღდგენა-პოპულარიზების საქმეში.

ნიკოლოზ რაჭველი:

“უსაზღვროდ ვწუხვარ და განვიცდი ლია სალაყაიას გარდაცვალებას.

სასულიერო მუსიკის წრემ კარგად იცის მისი ღვაწლის შესახებ, მაგრამ ქალბატონი ლიას უსაზღვრო თავმდაბლობის გამო, ფართო საზოგადოებამ შესაძლოა ნაკლებად.

ერთი წინადადებით შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ის იყო მოსიარულე წმინდანი!

ისე როგორც ლია სალაყაია ქართულ გალობას, ახალგაზრდობას, სამშობლოს და ქრისტიანობას ემსახურა, არც კი ვიცი ჩვენს ეპოქაში მოიძებნებიან თუ არა მსგავსნი…

უდიდეს სევდასთან ერთად განსაკუთრებული მადლიერებით ვარ სავსე, რომ ბევრი საუკეთესო მოგონება მაკავშირებს მასთან, სწორედ მისი დამსახურებით გავაცნობიერე რა დიდი მუსიკალური მემკვიდრეობა დაგვიტოვეს ღირსეულმა წინაპრებმა, გენიოსებმა, ვინც ქმნიდნენ დედამიწის მასშტაბის შედევრებს – ქართულ საგალობლებს…

ლია სალაყაია სამოთხის სამოთხეში დაიმკვიდრებს სასუფეველს და ახლა მას ვავედრებ ჩვენს სულებსა და ჩვენს სამშობლოს.

და ესეც კორონას მორიგი დარტყმა.”