დავით წერედიანის გენიალური ლექსი

დავით წერედიანის გენიალური ლექსიპოეტი და მთარგმნელი დავით წერედიანი თავისი სრულიად უნიკალური შემოქმედებით ათასობით მკითხველს აღაფრთოვანებს.

“არტ ინფო” გთავაზობთ მის ლექსს “კვირიკე”, რათა კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ ამ შემოქმედის გენიალურობაში:

,,შეკრთა, გაიპო, გაბრწყინდა, თვალთ მეხილება, დედავ,
მტრედისფერ საგალობლებში წმინდა კვირიკეს ვხედავ!
რა ლამაზია კვირიკე, ცრემლის ნათელში მდგარი!
როგორც ნიავის ალერსი, როგორც ჩონგურის ლარი!
ყვავილთა ყველა გვირგვინი, ყველა გაწვდილი ხელი,
ყველა ხმა, ყველა სანთელი თავის სასწაულს ელის,
სალბუნსა სასოებისა, ნარდის სურნელში ნაზელს.
ნეტავი მაცნედ მატარა, შენგან დასავლელ გზაზე…
ყველა სენს კურნავს კვირიკე, ყველა სატკივარს არჩენს,
ვერ კურნავს გულის სიბრმავეს, ღვთისგან დადებულ სასჯელს.
ირხევა ცრემლით, იმედით, ნათლით დაწნული ტანი,
მოდიან ცისადცისადნი, ბორგნეულნი და ბრმანი,
კაცნი ბოროტად გვემულნი, ქალნი დახშულნი შობად.
ქიტონის კალთა შემეხო! – მაკურნებელი ქობა!
გზად შინაბერებს გაუვლის, ყვავილს აჩუქებს თითოს…
ყველა ჩამქრალი სარკმელი ნეტავ შენს გზაზე იდოს…
მიდის, საკნებს და სენაკებს მადლის არილით ამკობს,
უჩინარ საგზალს გვიტოვებს, გაის-ამ-დღემდე სამყოფს.
წაიღებს ქენჯნის ფორეჯებს, კეთრის, ფილენჯის დაღებს,
ცისკენ, იქ, სადაც ბეთლემი ვერცხლის კარიბჭეს აღებს,
მიიტანს, როგორც ხარებას, გზებზე სალმობის ამბავს
და ხუთი წმინდა ჭრილობა ყველა სნებისგან განბანს…
სად მიკრთი, ივერთ-ნათელო, მზით, ვარსკვლავებით, მთვარით?
ნუთუ სიკვდილიც ფუჭია, არსად გვეღება კარი?
მაინც ზარზმა და გელათი, სამთავისი და მცხეთა,
ტროპარის ნუსხურ გზაწვრილზე თეთრი მტრედები სხედან.
ნუ ტირი, ობლის საგზლითაც გავწევთ სამეფო ნადიმს,
რადგან სიმღერის ბილიკი უფლის წალკოტზე გადის.
– სუმბულის სურნელს მოვყევით, შენთან მოვიდა კვალი,
უფლის ლაჟვარდი გვაპკურე, ედემს ნაჟური წყალი…
რაჟამს დაიწყებს ივლისი ულოს გვირგვინთა ახდას,
კვლავ უბრუნდება კვირიკე თავის პატარა საყდარს,
საყდარში კედელს ნოტიოს, სადაც ზეგარდმო ნებით
დაუკეცია ანგელოზს ნელსევდიანი ფრთები“…