4 აგვისტო, 2021

არაჩვეულებრივი წერილი ვახუშტი კოტეტიშვილზე

პოეტ ვახუშტი კოტეტიშვილზე არაერთი წერილი დაწერილა, თუმცა ფოლკლორისტ ამირან არაბულის ჩანაწერი, ნამდვილად გამორჩეულია:

“ლექსი ხომ თავისთავად, მრავლისმთქმელია მინაწერიც: “11/IX-2003 წ. ირაკლი სურგულაძის დაკრძალვის დღე”

“სიცოცხლე ვისთვის ტანჯვაა,
ვისთვის კი – ნათლის სვეტია,
ზოგი ბევრ წლებსაც ვერ ჰკმარობს,
ზოგისთვის – ცოტაც მეტია.
ჩემი ნატანჯი ტანიდან
სული ვერ ამოეტია,
ამ ტიალ წუთისოფელში
თურმე სიკვდილიც ბედია.” – ვახუშტი კოტეტიშვილი

ტატო კოტეტიშვილის მოულოდნელი გარდაცვალება (მეხი მოწმენდილ ცაზე!) ჰოლანდიაში, სამშობლოში ჩამოსვენება და დაკრძალვა ვერის სასაფლაოზე. ვახუშტის წაშლილი სახე და გამოხედვაში გამხელილი უსაშველო ტკივილი, მემკვიდრის დაკარგვა და სამუდამოდ გამოკლება რომ იწვევს ადამიანში.

ზაურ ჯაბუშანურის “ჯავარში” გაშლილ ქელეხის სუფრას ქართული წეს-ჩვეულებების სრული დაცვით უძღვებოდა ირაკლი სურგულაძე – ცნობილი ეთნოლოგი და დიდებული პიროვნება. და როცა სამზეოდან ეს სამაგალითო კაციც წავიდა, ვახუშტიმ ფილოსოფიური შინაარსის ამ ლექსით დაიტირა უკეთესთა შორის საუკეთესო მეგობარი (ლექსის ავტოგრაფული ხელნაწერი მასთან მორიგ მისვლაზე რატომღაც ჩვენ – მე და ეთერს გადმოგვცა); განუქარვებელ სალმობას ლირიკული წიაღსვლით მოუფონა ხალხური პოეზიის უებრო მცოდნემ, ქომაგმა და ჭირისუფალმა. მამაკაცს ცრემლი არ შეჰფერის. მან ბედისწერას სიმაგრით (გავიხსენოთ: “გამაგრდით, არხოტიონნო, გატეხით რა იქნებისა…”) და ხმალივით მჭრელი სიტყვით უნდა აჯობოს!..

ტიპოლოგიური ამბავი: 76 წლის ივანე გორზამაული (ვაჟა-ფშაველას თანამედროვე და უმცროსი მეგობარი) 1956 წელს ჩარგალში მყოფ ფოლკლორისტებს – ჯონდო ბარდაველიძეს და გურამ ბარნოვს ეუბნება, ეს ლექსი (იგულისხმება “რა ვქნისა, ციხე ავაგე”) შვილის დაკრძალვის დღეს ვიმღერეო (დიახ,”ვიმღერეო!”).

ხალხური პარალელი: “დარდიან გულზე სიმღერა ტირილის მაგიერია…”

ბარემ ესეც ვთქვათ: კაიხანს ხალხური რომ გვეგონა და გაირკვა, რომ ფშაური ხმით ნატირლის შეუდარებელი ნიმუში “მაჰკვდია, ბეჩავო იერემო” გოგი თურმანაულს “უთქვამს” კუდოელ გრიგოლ კაკაბლიშვილზე – უპოვარ და უშვილძიროდ გადაგებულ ბეჩავ ფშაველზე (სავარაუდოდ, მისი დაკრძალვის დღეს!).

P.S. ლექსის მოგვებად თუ ქადაგებად დამსხდარი ხმითმოტირალი “უცნაური დიაცების” (გ.ჯაბუშანური) მიერ იქმნებოდა სამგლოვიარო პოეზიის განსაცვიფრებელი ნიმუშები. და ეს, როგორც წესი, ხდებოდა განსვენებულის თავზე, მწუხარე რიტუალის მსვლელობის პროცესში.

“გლოვის მგოსანთა” ნაწილის ვინაობა ვიცით, ნაწილისა – არა. მთავარი კი ის გახლავთ, რომ მათ იმპროვიზირებული ტექსტების სახით რუტინულ ყოველდღიურობაზე ამაღლებული თავანკარა პოეზია დაგვიტოვეს.

ვახუშტი კოტეტიშვილის ორსტროფიანი ლექსიც, მიუხედავად იმისა, რომ არც თემატიკის თვალსაზრისითაა ნატირალთა “ნათესავი” და არც ტონალობით, რაღაცით მაინც მოტირალთა მოთქმას წააგავს და მათი “უმწიგნობრო” შემოქმედების რჩეულ ნიმუშთა გვერდით იმკვიდრებს თავის დამსახურებულ ადგილს!”