28 ივლისი, 2021

გიორგი კეკელიძის ბოდიში

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ბოდიშს საჯაროდ იხდის. ამის მიზეზი მისი სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულებაა:

“ჩემს ცხოვრებაში წლების წინ, თუმცა წლებს მნიშვნელობა ნაკლებად აქვს, იყო სრულიად მიუღებელი დრო. სრულიად. ამას ვერ ვაცნობიერებდი მაშინ – ოდნავაც, მაგრამ დღეს გეტყვით პირდაპირ და უხეშად – გული მერევა იმ საკუთარ თავზე, იმ ფლირტებზე, რომელსაც შეეძლო ინტერპრეტაციის დაშვება ან გაუცნობიერებელი ზიანის მოტანა. ამას პირველ რიგში ვწერ მათთვის, ვისაც გიორგი კეკელიძე “ღმერთივით კაცი” ჰგონია და აქ ბევრია ასეთი. მეც ადამიანი ვარ, უამრავი შეცდომით. ძალიან ბევრით. რაც შეეხება უშუალოდ ქალებს, არაერთი მათგანისთვის წლების მერე ბოდიში მომიხდია, სწორედ ამ სიტყვით – ,,გულისრევა”. ზოგისთვის თუ არ – ახლა ვუხდი ბოდიშს. თუმცა ძალადობრივი არაფერი ჩამიდენია. არასდროს. და ამას ვერ და არ დავიბრალებ.

შეიძლება ვინმეს არაგულწრფელად მოეჩვენოს ნებისმიერი რამ რასაც ახლა ვიტყვი – რეპუტაციის შენარჩუნებისთვის ნათქვამი ბოდიში და ა.შ. ეს რეპუტაცია მე ჩემი საქმის საკეთებლად მჭირდებოდა, საქმის რომელიც ძალიან, ძალიან მიყვარს. მაგრამ მზად ვარ ჩემი საქმიანობა შევაჩერო ყველა სფეროში – შევხვდე ყველა ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, ყველა ორგანიზაციას, ფემინისტურს თუ სხვას – ვინც კომპეტენტურია. მოვუსმინო, ვუპასუხო და გადავწყვიტო.

და კიდევ – მე თავს მსხვერპლად არ მივიჩნევ. ვწერ ამ ყველაფერს, ცხადია, დიდი ტანჯვით და ტკივილით – ვაღიარებ – რადგან არ ვიყავი ჩვეული ამგვარ მდგომარეობას და რომ არ ვიყავი, ესეც ჩემი ნარცისიზმის ბრალია. მსხვერპლი არ ვარ და ამიტომაც, თქვენ, ძალიან, ძალიან გთხოვთ, არ გალანძღოთ არცერთი ქალი, ვინც აქ რამეს დაწერს.”