16 ივნისი, 2021

ცოტნე გამსახურდია კონსტანტინე გამსახურდიაზე

კლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას შვილიშვილი ცოტნე გამსახურდია ბაბუას შესახებ:

“მამაჩემისგან გამიგონია, კონსტანტინე ამბობდა: ვისაც საქართველო უნდოდა ენახა, ეს 1921 წლამდე უნდა გაეკეთებინაო. მუდამ კუშტი, უხასიათო, დიდი სევდისა და ნაღველის მატარებელი კაცი იყო. თავისი თვალით იმდენი ნახა და ყურით გაიგო, საქართველოს სახელმწიფოს შექმნის ერთ-ერთი მონაწილე და დაცემის მომსწრე იყო…

– …ნახა უცხვირპირო, თავხედი, ნაბიჭვარი ქართველი კომკავშირლები, რომელთა ხელითაც აქ სული და აზრი ჩაკლეს და ნახა ხრუშჩოვჩინასა და ბრეჟნევის აღზევებული „გრუზინობაც”. სწორედ ისინი, დღეს რომ მავანი ბრიყვი მისტირის და „მამების თაობას” უწოდებს, ქურდობის, კორუფციის და 37 მანეთად ფრენის იდეალების მსახურები…

ხანჯალივით კაცი იყოო, ამბობდა ირაკლი აბაშიძე. უხიაგი, უხეში და კოპებშეკრული მუდამ. ქვების შეგროვების სტადიაში მყოფი მსროლელი, რომელმაც გაიარა ის, რისი შეცვლაც არ შეეძლო. ამ დაგროვილი ენერგიის გადაცემას მხოლოდ კალმის წვერისთვის ახერხებდა…

ვინც არ იცის – მას თავისუფლად შეეძლო უცხოეთში უზრუნველი ცხოვრების აწყობა, მილიონერი ევროპელი მაგნატების სასურველი სასიძოც გახლდათ. მაგრამ, ბოლშევიკებთან ბრძოლა არჩია. იყო სიკვდილმისჯილთა საკანში და რამდენიმე წელი სოლოვკაში, რაც ისედაც უდრიდა სიკვდილს. უზარმაზარი რეგენერაციის, აღდგენის უნარი ჰქონდა და ამან გადაარჩინა. ოთხმოც წელს გადაცილებულს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ჭრილობები რამოდენიმე დღეში უხორცდებოდა თურმე…”