13 ივნისი, 2021

ნოდარ წულეისკირის გენიალური სიტყვა

მწერალ ნოდარ წულეისკირის სიტყვა, რომელიც მან საქართველოს მწერალთა კავშირში ქართული ენის დაცვასთან დაკავშირებულ კრებაზე 1978 წლის 12 აპრილს გააკეთა, ხალხში ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა.

შემოქმედის გამოსვლა შემოინახა აკაკი ბაქრაძის მოგონებამ:

“1978 წლის 12 აპრილს საქართველოს მწერალთა კავშირში მოულოდნელად დღის ათ საათზე მოწვეულ იქნა კრება. კრების მოწვევა გადაწყდა წინა დღეს, როდესაც შევარდნაძესთან იყო მწერალთა კავშირის გამგეობა. გამგეობას არც უკითხავს, მწერალთა კავშირის წევრებისთვის, ისე შეიმუშავა კომპრომისული წინადადება („საქართველოს რესპუბლიკის ენა არის ქართული“) და შესთავაზა იგი ცეკას. ფაქტიურად, ეტყობა, ეს წინადადება თვით ცეკადან მოდიოდა, რადგანაც მისი ავტორი ცეკადან კავშირში სპეციალურად დანიშნული პარტიული მუშაკი გიორგი ჟორჟოლიანი იყო.

კრების შესახებ არ ყოფილა განცხადება გამოკრული, სახლშიც მხოლოდ მათ დაურეკეს, ვისაც ადვილად დაიყოლიებდნენ ყველაფერზე. თანაც კავშირის პარტკომი მორის ფოცხიშვილი, მდივანი ჯანსუღ ჩარკვიანი ხმას ავრცელებდნენ, რომ კრება პარტიულია, თანაც დახურული. ამით სურდათ, სწორედ უპარტიოებისათვის დაეხშოთ ტრიბუნაზე შედგომის გზა. ასეთმა ეშმაკობამ ნაწილობრივ გაუმართლათ მათ, კრება ისე დაიწყო, რომ მხოლოდ ორმოცი კაცი თუ იქნებოდა დარბაზში, მაგრამ შემდეგ გაივსო დარბაზი და ჰოლიც, სადაც უკვე არაწევრებიც იყვნენ. ბევრი იყო ახალგაზრდობაც.

კრებას თავმჯდომარეობდა ნოდარ დუმბაძე.

ნოდარ წულეისკირი ლაპარაკობს გიორგი ჟორჟოლიანის ფუნქციაზე მწერალთა კავშირში, მისი ინტერესების ოდიოზურობაზე მწერლობაში. მას, როგორც ხელმძღვანელს, ყოველთვის ყველაფერზე აქვსო მზა პასუხი, ზვიადი რომ დავიცავი, მაშინაც და ახლაც, კონსტიტუციის გამო რომ გამოვედი აქ, ამას წინათ. თქვენ, ბ-ნო გიორგი, გაქვთ ნახევრად ირონიული დამოკიდებულება მწერლებთან, რასაც საფუძვლად უდევს თქვენი დამოკიდებულება პატრიოტიზმთან. ეს თქვენ მითხარით აქ მოწყალედ: „ნუ გინდაო ილია ჭავჭავაძეობა“. ვაი იმ მწერლის ბრალი, ვისაც ჟორჟოლიანობა უნდა, თორემ ილია ჭავჭავაძეობა ყველა მწერალს უნდა. პლენუმს არ აურჩევია იგი მდივნად. იგი არც კავშირის წევრია. თქვენ არ ასრულებთ მწერალთა კავშირის წესდების არცერთ მუხლს. რატომ ხართ მდივანი? თუმცა ერთი კი არა, ყველა მდივანი მწერალთა ზევიდან ინიშნება.

რა მწერლები და რა ხალხი ვართ ჩვენ, რომ კონსტიტუციის პროექტის ერთ სიტყვასაც ვერ ვუყავით ძვრა, იმიტომ რომ არაა ის აქ დაწერილი. ჩვენი კონსტიტუცია იწერება რუსულად, მერე ითარგმნება ქართულად. რატომ?

არაა ნახსენები კონსტიტუციაში ქართველი ერი. უნდა იყოს, უნდა ითქვას, ვისია ეს კონსტიტუცია. ამის ნაცვლად არის უსახო „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხალხი“. თითქოს საქართველოში ქართველები აღარ არიან, გაითქვიფნენ სხვებში. უნდა იყოს: „ქართველი ხალხი, საქართველოს რესპუბლიკაში მცხოვრებ სხვა ხალხებთან ერთად“. მოჰყავს მხარდამჭერი პარალელები სხვა რესპუბლიკების კონსტიტუციებიდან გდრ-ის, ჩეხოსლოვაკიის, საფრანგეთის და ა. შ.

75-ე მუხლი თავზარდამცემია. მოჰყავს ისტორია საქართველოს მენშევიკური კონსტიტუციიდან („საქ. რესპუბლიკის სახელმწიფო ენა არის ქართული“), ანალოგიური ფორმულირება 1924 და 1936 წლების კონსტიტუციებიდან.

უსამართლობაა, უკანონობაა მთელ ერს წაართვა ენა.
აანალიზებს გულდაგულ 75-ე მუხლს.
კონსტიტუციურად გაფორმდა უკანონობა და უსამართლობა, რასაც წლების მანძილზე მისდევდა საქართველოს მთავრობა.

ამით კანონდება ორენოვნება. რატომ ივიწყებენ ლენინს: „რუსულის ძალით დამკვიდრება გაამწვავებს მტრობას“.
ქართველს დღევანდელ საქართველოში ისეთივე უფლება მიეცა, როგორც ემიგრანტებს საფრანგეთში.
ქართველს საყუდარი არსად აქვს – ან უნდა იბრძოლონ, ან საკუთარ მიწაში საფლავი გაითხარონ.
ეს ცვლილებები კონსტიტუციაში წინასწარ დასახული პროგრამაა. ესაა ენების დაახლოვების შედეგად ფუძე ენის, რუსული ენის საფუძველზე ერთი ენის შექმნა.
ერები და ენები კაცობრიობის სიმდიდრეა.
პაპუასებსაც კი მისცეს დამოუკიდებლობა.

რამდენიმე წლის წინათ კამეჩს გამოვესარჩლე, იცავენ მარტორქებს, ცხოველებსა და მცენარეებს, ერების შერწყმასა და მოსპობაზე კი ლაპარაკობენ. აქეთკენ გადაიდგა გაუმართლებელი, მაგრამ ფრთხილი და მტკიცე ნაბიჯი.
ქართველმა მწერალმა უნდა იბრძოლოს, ცალ ხელში ხმალი ეჭიროს, ცალ ხელში − კალამი. ქართველ მწერალს ბრძოლა არ შეუძლია, ტაში მაინც არ უნდა დაუკრას.

არავის არ მოსწონს ეს მუხლი. გაზეთები და ტელევიზია არ გამოხატავენ ხალხის ნებას. ერთი მაგალითი:−„ლიტ. საქართველოს“ 28 მარტის ინფორმაცია მწერალთა კრებაზე, რომელთაც თითქოს ერთხმად მოიწონეს კონსტიტუციის პროექტი. იქ მეც გამოვედი და არ მოვიწონე. არც სხვებმა მოიწონეს. ყოველ შემთხვევაში, ყველამ არა. ეს არასწორი ინფორმაციაა.

ისეთ ვითარებას გვიქმნიან, რომ ვიცრუოთ. ერთი კაცის სიცრუე კიდევ დასაშვებია, ტოტალური – არა. მწერლობამ უნდა თქვას სიმართლე, გინდა, ჯვარს აცვან.
რა ვქნათ? ამოვიღოთ 75-ე მუხლი! ერთადერთი სასურველი და შეუცვლელი ვარიანტია მოქმედი კონსტიტუციის 156, 157 და 158 მუხლები.

არ შეიძლებაო აღდგენა. გვაძალებენ, თავს გვახვევენ. რა შეგვიძლია?
არის კონსტიტუციაში მუხლი გასვლის შესახებ, არის სხვა მუხლები პიროვნების უფლებებისა.
უნდა დავძლიოთ შიში ჩვენი უფლებების გამოყენებისა, ლენინური პრინციპები დაგვეხმარება ამაში. ჰკითხოს პარტიამ ხალხს, იქნებ მას აღარ შეფერის მოკავშირე რესპუბლიკის უფლებები? იქნებ სოციალისტური დამოუკიდებელი სახელმწიფოს უფლებებია მისთვის შესაფერისი? ეგებ სომხეთი, უკრაინა, საქართველო მომწიფდა დამოუკიდებელი არსებობისათვის?

შეიძლება, სხვები გაითქვიფონ, მაგრამ სომხებსა და ქართველებს შინ მიეჭრა და ენა წაართვა, უნდა შემერწყა და შემერიოო, დაუშვებლად მიმაჩნია.

დროთა განმავლობაში, ალბათ, უფრო მკვეთრად გამოვლინდება როგორც გასვლის, ისე შერწყმის ტენდენცია.
მე უნდა გადავარჩინო ჩემი სინდისი. სხვა არაფერი შემიძლია.

მთელი ჩემი ცხოვრება ქართული ენის განვითარებას შევალიე. თუკი ქართულ ენას დაეკარგება მისი უფლებები, მე პარტიაში ვერ ჩავდგები.

არასოდეს განზე არ გავმდგარვარ რესპუბლიკის ცხოვრებიდან – ნარკვევები, რომანები, სცენარი დავწერე. არავის მოვრიდებივარ, მაგრამ უშედეგოდ. ანაკლიაზე ჩემი სიტყვები გამართლდა (თუმცა ყური არავინ მიგდო), ენგურჰესზე, ხალხზე არავინ ზრუნავდა და კომკავშირის ბილეთებიც კი არ მიჰქონდათ რაიკომიდან, ასევე პარტიიდან. აი, იქ დატოვებული ბილეთები.

მოჰყავს მაგალითი ენგურზე რუსების ჩამოყვანისა ნათესაობით და ქართველების დისკრიმინაციისა.

გამოვაქვეყნე ეს ყველაფერი. იმ რაიკომის მდივანი, სადაც ეს ყველაფერი მოხდა, რამინ გოლუა კი დღეს გალის რაიკომის მდივანია.

მე რომ სიმართლეს დავუწყე ძებნა, ჩემს წინ კედელი აღიმართა.

წავიდე უნდა პარტიიდან, მაგრამ ამის უფლებაც რომ არა მაქვს? არაა წესდებაში შესაბამისი მუხლი.

მე არავის ვეჯიბრები, მორწმუნე ვარ, რომელიც ძირს მიწას კოცნის, მაღლა ღმერთს ევედრება.”