30 ივნისი, 2021

მოხუცთა თავშესაფრისთვის გამეტებული ევგენი ხარაძე

აკადემიკოს ევგენი ხარაძის ცხოვრებაში არის ერთი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი, რომელიც ზურაბ მაჭავარიანმა გაიხსენა:

“დილით აბასთუმნის ობსერვატორიასთან ახლოს 80 წელს გადაშორებული ხელჯოხიანი მოხუცი შემხვდა. დილა მშვიდობისა! ვუსურვე… მოხუცი ტკბილად მოსაუბრე იმერელი, აქაურობის დიდი ხნის მაცხოვრებელი და ობსერვატორიის ძველი თანამშრომელი გერვასი დეკანოიძე გამოდგა.

საუბარი ობსერვატორიას და მის დირექტორს, დიდ ასტროფიზიკოსს ევგენი ხარაძეს შეეხო. ,,კარგი კაცი იყო, თავდაბალი, ბევრი საუბარი არ უყვარდა, მაგრამ თითეული მისი სიტყვის უკან საქმე იდგა. ობსერვატორიის მიმდებარედ ფერმა გააკეთა – რძეს, ყველს უფასოდ აძლევდა ობსერვატორიის თანამშრომლებს, სახლები ააშენა და ბინები დაურიგა, თითეულ მათგანს ყურაღებას და ზრუნვას არ აკლებდა.

თვითონ საკუთარი ოჯახი არ ჰქონდა, მისი ცხოვრება მეცნიერული კვლევები და ხალხზე ზრუნვა იყო.”

მის მიერ გაკეთებული ბევრი კეთილი საქმე ჩამოთვალა, მაგრამ…

“ბოლოს ცუდად მოექცა იგივე ხალხის ნაწილი ბატონ ევგენის, ეროვნული მოძრაობის დროს, დროშების ფრიალით შემოცვივდნენ ობსერვატორიის ტერიტორიაზე და ამხელა მეცნიერს, ასეთ კეთილშობილ კაცს, კაბინეტის კარები აუჭედეს – კომუნისტი ხარო!…”

მწარედ გამეცინა… ,,მერე ამ ბრბოს მეთაური რაიონის პრეფექტი გახდა… ბატონი ევგენი ჩამოაშორეს საყვარელ საქმეს, რისთვისაც ცხოვრობდა, რითაც სუნთქავდა და ყველასაგან მივიწყებული, ადამიანთა უმადურობით გულნატკენი ბოლოს მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა… ნეტავი ახლა იმ ხალხს არ სრცხვენიათ?!” – დააყოლა…

პ.ს. ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტიდან გააძევეს, მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციანი, სანდრო ახმეტელი, ევგენი მიქელაძე დახვრიტეს, ექვთიმე თაყაიშვილის დაკრძალვაზე დასწრება 50-მდე ქართველმა გაბედა, რობერტ სტურუას რეჟისურა მოძველებულად გამოაცხადეს და რუსთაველის თეატრს ჩამოაშორეს, ახლო წარსულში…

დრო მსაჯულია! – გენიალური ანდაზა გვაქვს ქართველებს – ,,წყალნი წავლენ და წამოვლენ ქვიშანი დარჩებიან!”…
დრო, დრო, დრო…”