30 ივნისი, 2021

ეთერ თათარაიძის ძალიან კარგი წერილი

ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე მთელი ცხოვრება ქართულ ზეპირსიტყვიერებას ემსახურება და ცდილობს, თანამედროვედ მისაწვდომი გახადოს საზოგადოებისთვის:

“შეიძლება ეს ყველაფერი გავხადოთ თანამედროვედ მისაწვდომი საზოგადოებისთვის, თუნდაც ფორმით, თორემ მე რა უფლება მაქვს, ან რა აზრი ექნება გენიალურ ხალხურ ლექსს ლიტერატურულად გალექსილს? გვინდა უფრო მივუახლოვოთ ახალგაზრდა მსმენელს ხალხური სიბრძნე, თორემ ჩემი ასაკის და კიდევ უფროსი ასაკის თაობის მსმენელისთვის ეს ლექსები არ საჭიროებს კომენტარებს.

მომავალში კი მოვა კომპიუტერებში ქართულნასწავლი თაობა, რომლებსაც უკვე ეშლებათ და იძახიან ქართული ხალხური ფოლკლორიო. მათ არ იციან, რომ თუ ფოლკლორია, ხალხური აღარ უნდა და თუ ხალხურია, ფოლკლორი აღარ უნდა.

ზოგს კი ფოლკლორი მხოლოდ ცეკვა და სიმღერა ჰგონია. მათ არ იციან, რომ ფოლკლორი ხალხით და სიბრძნით იწყება. ფოლკლორი, პირველ რიგში, დაერქვა ხალხურ სიბრძნეს. აღარ ვარ 20 წლის გოგო, რომელსაც რაღაცეები მოეჩვენება, რა თქმა უნდა, უშეცდომო არ ვარ და ღმრეთმა დამიფაროს, რომ მენტორის ტონით ვინმეს რამე ვუთხრა, მაგრამ სამუდმოდ მომთხოვნი ვარ იმისა, რომ კომპლექსურად დაიწყოს ფოლკლორის კვლევა.

ფოლკლორს რომ მარტო სიმღერას დაუძახებ და ცეკვას გამოაკლებ, სიტყვას რომ გამოაკლებ, ხელსაქმეს რომ გამოაკლებ და ათას სხვა რამეს გამოაკლებ, მაშინ ვერც იკვლევ და ვერც ფოლკლორის გონზე ხარ. სხვა თუ არაფერი, პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან. ჩვენ რისგან ვართ ქვეყანა? სიტყვისგან არ ვართ ქვეყანა? ჩვენ ხომ ვინმეს ნასესხებ ენაზე არ ვმეტყველებთ? ჩვენ ხომ უმდიდრესი ენის ქვეყანა ვართ? ჩვენ ხომ ძალიან ძველი და უნიკალური ენის პატრონი ქვეყანა ვართ? რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ნიუანსი გამოხატოს, გაფიქრებისაც კი თავისი ენის წყალობით.

არ მემეტება ეს ყველაფერი დასაკარგავად, ამას ვერ გავიმეტებ, სულ რომ სახრჩობელაზე ამიყვანონ, იმიტომ რომ ამის სიყვარულით დავიბადე და ამის სიყვარულით უნდა მოვკვდე. სხვა არაფერი ღირებული არ გამაჩნია დედამიწის ზურგზე. ჩემთვის არ არსებობს არაფერი ჩემი ენის იქით. ჯერ ეს არის ჩემთვის, ჩემი კულტურაა პირველი და მერე სხვისა.

ფული რომ მქონდეს, დედამიწაზე უწყვეტლად ვიმოგზაურებდი, ყველა ხალხს შევხვდებოდი, მათ კულტურას გავიცნობდი, თან წლებიც რომ მქონდეს და ღონეც რომ მქონდეს, ჟინი კი მაქვს. 50-55-60 წელი ადამიანისთვის არის ისეთი ასაკი, როცა ძალიან ძნელია ცხოვრება. ღმერთმა ამ ასაკამდე მოგყაროთ და მერე მიხვდებით რაზე ვსაუბრობ. ნამდვილად არ ვთვლი, რომ დავბერდი, ნამდვილად ეს ის წლებია, როცა უფრო მეტად გწყდება გული იმაზე, რაც ვერ მოახერხე იმ შენს დარგში, რისი სურვილიც გაქვს.

იმდენი ოცნება მაქვს ზეპირსიტყვიერებაში…”