20 მაისი, 2021

ზურაბ ქარუმიძის განსაცდელი

მწერალ ზურა ქარუმიძეს ცხოვრებაში განსაცდელის ეტაპი უდგას. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, გერმანიაში იმყოფება და მკურნალობის კურსს გადის.

შოთა იათაშვილი, პოეტი:

“ზურაბ ქარუმიძეს რომ შევეხმიანე და როგორ ხარ-მეთქი, მოვიკითხე, პასუხად თავისი ახალი ტექსტი გამომიგზავნა. ეს თითქმის დაუჯერებელი რამ იყო: ადამიანმა საკუთარ მძიმე მდგომარეობას ასეთი თვითირონიით შეხედოს, ასეთი იუმორით და სილაღით – ეს ალბათ ძალიან ცოტას შეუძლია. უფრო სწორად, მხოლოდ ძალიან ძლიერ ადამიანებს. ვკითხულობდი, ვკვდებოდი სიცილით და თან ძალიან მწარე იყო ეს ყველაფერი.

ზურა ახლა გერმანიაშია, მკურნალობს და თან თავისი განუმეორებელი ოსტატობით აგრძელებს ადამიანური ბუნების შესწავლას და კულტურულ შრეებში მის გატარებას, ის ძველებური მხიარულებით ახალ, ფერადოვან და ამავე დროს სასტიკ კარნავალს დგამს თანამედროვე ქართული (და არა მარტო ქართული) ლიტერატურისათვის.

თქვენ იცით, რომ კულტურის სამინისტროს არაქმედითუნარიანობის გამო ჯერ კიდევ ვერ დაიძრა ლიტერატურული პერიოდიკის გამოცემის საკითხი, მაგრამ ეს ტექსტი ჩემთვის იმდენად შთამბეჭდავი და ეგზისტენციალური იყო, რომ ძალიან მომინდა რაც შეიძლება მალე მისულიყო იგი მკითხველამდე, და ამიტომ ზურას შევთავაზე, გამონაკლისის სახით, უკუღმა გვემოქმედა: ანუ ჯერ ჟურნალის საიტზე გამოგვექვეყნებინა ტექსტი, ხოლო ადრე თუ გვიან, როცა ჟურნალის დაფინანსებას თავი მოებმებოდა, ბეჭდური სახით. ზურა დამთანხმდა, და აი, ეს ჯერჯერობით პატარა, მაგრამ ძალიან ბევრი რამის მთქმელი ტექსტი თქვენს წინაა. წაიკითხეთ და ნახეთ, თუ რას ნიშნავს, იყო საკუთარ თავზე აღმატებული მწერალი!

ზურას კი ვუსურვოთ მხნეობა (რომელიც მას ისედაც აქვს), ჯანმრთელობა, თავის ახალ ბრწყინვალე ტექსტზე მუშაობის წარმატებით გაგრძელება და მალე ჩვენთან დაბრუნება.”